ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (Yle) ცობით, ფინეთში ეკონომიკურ დანაშაულში ბრალდებული დაახლოებით 930 პირი ესტონეთში კომპანიებს ფლობს ან მართავს. ზოგიერთ მათგანს ფინეთში საგადასახადო დავალიანება აქვს და სამეწარმეო საქმიანობა ეკრძალება.
Yle ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის ჩამდენი ფინელებისთვის ტალინი საყვარელი ადგილი გახდა.
ტელეკომპანიამ დაადგინა, რომ ფინეთში დანაშაულში ბრალდებული თითქმის 930 ადამიანი ესტონეთში კომპანიებს ფლობს ან მართავს. აქედან 467 პირი ფინეთის მოქალაქეა, თითქმის ამდენივე კი – ესტონეთის მოქალაქე. ფინეთში მათ 2400-მდე დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებენ, რომელთაგან თითქმის ნახევარი ეკონომიკური ხასიათისაა.
Yle-მ გამოძიება იმის გამო დაიწყო, რომ ფინეთში მსჯავრდებულები, სამშობლოში დაწესებული სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვებისთვის გვერდის ასავლელად, ესტონეთს იყენებენ. გარდა ამისა, ეს ადამიანები ცდილობენ, თავიანთი აქტივები კრედიტორებს დაუმალონ.
ტელეკომპანიამ გამოავლინა 58 პირი, რომლებსაც ფინეთში ბიზნესის კეთება ეკრძალებათ და ამ საქმიანობას ესტონეთში აგრძელებენ. ფინეთში სამეწარმეო საქმიანობა იმ შემთხვევაში იკრძალება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პირი კომპანიას დანაშაულის ჩასადენად იყენებდა. მსგავსი აკრძალვა მომავალში, სავარაუდოდ, ესტონეთშიც დაწესდება.
ესტონეთში მოქმედი ასეთი კომპანიებიდან ბევრი ეგრეთ წოდებული „წყალქვეშა (შლეიფური) კომპანიაა“, რომლებიც ფინეთიდან იმართებიან. Yle-ის ცნობით, ფინელი კრიმინალების ესტონეთში საქმიანობა, ხშირად, უკანა პლანზე რჩება, რადგან ფინეთის პოლიციას ესტონეთში მოქმედების იურისდიქცია არ აქვს. ფინეთის გამოძიების ეროვნულმა ბიურომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
ასეთი ეკონომიკური „პროფილის“ დამნაშავეების მიერ მიყენებული ზიანი, უპირველესად, ფინეთში იგრძნობა, სადაც მათი საგადასახადო მოვალეები ცხოვრობენ. შედეგად, ამ ტიპის დანაშაულების მსხვერპლნი, ძირითადად, კრედიტორები და ფინეთის სახელმწიფო ხდებიან.
წყარო: 1 არხი