თებერვალში ფინეთში გაიხსნა მუზეუმი სახელწოდებით, „ნოოტი“. მასში წარმოდგენილი ექსპონანტები ასახავენ, თუ როგორ იცვლებოდა ფინეთის ურთიერთობები მის აღმოსავლელ მეზობელ რუსეთთან – ცივიდან მეგობრულისკენ და პირიქით. „ნოოტი“, რაც სიტყვა-სიტყვით „დიპლომატიურ ნოტას“ ნიშნავს, იმ დაწესებულების რენოვაციის შედეგია, რომელშიც აქამდე დასავლეთ ევროპაში ლენინის უკანასკნელი მუზეუმი იყო განთავსებული. მისი განახლება 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრამ განაპირობა.
ქალაქ ტამპერეში არსებულ ლენინის ყოფილ მუზეუმს, რომელიც 1946 წელს დაფუძნდა, როგორც ფინეთ-რუსეთის მეგობრობის სიმბოლო, უკრაინის ომის მესამე წელს სახელი შეუცვალეს. ის გასული წლის ნოემბერში დახურა და ხელახლა „ნოოტის“ სახელით გაიხსნა.
„Nootti“ ფინური სიტყვაა და ითარგმნება, როგორც „დიპლომატიური ნოტა“ („Diplomatic Note“). ის არის რაღაც შუალედური საფეხური პოლიტიკური ისტორიის მუზეუმსა და აღმოსავლური ურთიერთობების მუზეუმს შორის. „ნოოტი“ გაიხსნა ქალაქ ტამპერეში, რომელიც ჰელსინკის ჩრდილოეთით, მისგან 180 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
ის ასახავს ფინეთ-რუსეთის ურთიერთობებს 1917 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე.
ლენინის მუზეუმი ფინეთში იყო ერთ-ერთი უკანასკნელი იმ რამდენიმე მუზეუმს შორის, რომლებიც ყოფილ საბჭოთა ბელადს მიეძღვნა და XX საუკუნეში ევროპის მასშტაბით მრავლად არსებობდა. 1946 წელს გახსნილი ეს დაწესებულება ჩაფიქრებული იყო, როგორც ორ ქვეყანას შორის ომისშემდგომი მეგობრობის სიმბოლო.
ლენინის მუზეუმი განთავსებულია შენობაში, სადაც ახალგაზრდა კომუნისტი ლიდერები, ლენინი და სტალინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. „ცივი ომის“ პერიოდში, აქ ასევე იმართებოდა შეხვედრები ფინელ და რუს პოლიტიკურ ლიდერებს შორის.
ნატო-ში ფინეთის გაწევრიანებისა და რუსეთ-ფინეთის სახელმწიფო საზღვარზე შექმნილი დაძაბული ვითარების, ასევე არსებული საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, მუზეუმის ხელმძღვანელობამ მუზეუმის „განახლება“ და მისთვის „სრულიად ახალი“ იერსახის მიცემა გადაწყვიტა.
„ნოოტი“ დამთვალიერებლებს სთავაზობს მოგზაურობას XX-XXI საუკუნეების პოლიტიკურ ისტორიაში, ნატო-ში ფინეთის გაწევრიანების ჩათვლით.
ფინეთს რუსეთთან 1 330-კილომეტრიანი საზღვარი აქვს. ის დახურულია მას შემდეგ, რაც ჰელსინკიმ მოსკოვი თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით „ჰიბრიდული ოპერაციის“ განხორციელებაში დაადანაშაულა, რაც კრემლმა უარყო.
მუზეუმის დირექტორი, კალე კალიო ამბობს, რომ ბოლო წლებში, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, ლენინის სახელი „ტვირთად“ იქცა.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში ნათლად გამოჩნდა, რომ ეს მუზეუმი აღარ იყო კარგი ბრენდი. ხალხს არ ესმოდა მუზეუმის როლი, მისი სახელი კი ტვირთად იქცა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მუზეუმის დახურვა და საქმიანობის ახალი სახელით გაგრძელება“, – განაცხადა მან.
ახალი მუზეუმის ხელმძღვანელის თქმით, საგამოფენო სივრცე ფინეთისა და რუსეთის ისტორიის ასახვას ემსახურება.
„ნოოტის “აღწერილობითი თხრობა წარმოაჩენს სხვადასხვა ეპიზოდებს ორი ქვეყნის დაახლოებისა და გაუცხოების ისტორიაში. ასახულია ისეთი თემები, როგორიცაა რუსეთის იმპერიის დაშლა 1917 წელს და ფინეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვება, სამოქალაქო ომები საზღვრის ორივე მხარეს, საბჭოთა ფინელების ბედი სტალინის ტერორის დროს, „ზამთრის ომი“, ფინეთის ალიანსი ჰიტლერთან, „ცივი ომი“, „ფინლანდიზაცია“, საიდუმლო სამსახურების საქმიანობა, ორმხრივი ვაჭრობა, კულტურული ურთიერთობები, ტურიზმი 1950-იან წლებში და ბოლოს, – ფინეთის ნატოში გაწევრიანების მოსამზადებელი პროცესი 2023 წელს.
„თუ გადავხედავთ ფინეთის ისტორიას ბოლო 150 წლის განმავლობაში, მისი გააზრება რუსეთის ისტორიის გაგების გარეშე შეუძლებელია. ორი ქვეყნის ისტორია მჭიდროდ არის გადაჯაჭვული“, – ხაზს უსვამს კალიო.
„ფინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ყოველთვის იარსებებს. ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება ეს ურთიერთობები, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ გარკვეულ მომენტში ახალი ისტორია დაიწერება“, – დასძინა მან.
წყარო: 1tv.ge
