ფინეთმა შესაძლოა რუსეთთან საზღვარზე ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დახუროს

ფინეთის ხელისუფლებამ შესაძლოა მალე მიიღოს გადაწყვეტილება და რუსეთთან საზღვარზე მთლიანად დახუროს სასაზღვრო-გამშვები პუნქტები მესამე ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა მოზღვავების გამო. ამის შესახებ ფინურმა გაზეთმა Iltalehti-მ ორშაბათს დაწერა, რომ გადაწყვეტილება უკვე დღესვე შეიძლება იქნეს მიღებული. თუ ეს მოხდება, სასაზღვრო პუნქტები ოთხშაბათს ღამით დაიხურება.
გასულ კვირაში ფინეთის ხელისუფლებამ ოთხი გადასასვლელი დახურა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში. ოთხი საკონტროლო-გამშვები პუნქტი რჩება ღია აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით, ს კარელიასთან და მურმანსკის ოლქთან საზღვარზე. ამის შემდეგ სომალის, სირიის, ერაყისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა დაიწყეს ჩასვლა სასაზღვრო პუნქტ „ვარტიუსში“, რომელიც ახლა სანქტ-პეტერბურგთან უახლოესი მოქმედი გამშვები პუნქტია.
ფინეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ რუსეთი მონაწილეობს თავშესაფრის მაძიებლების ფინეთის საზღვარზე გადაყვანაში. სამხრეთში სასაზღვრო გადასასვლელების დახურვის შემდეგ ფინეთის დაზვერვამ გამოთქვა გაფრთხილება, რომ თავშესაფრის პოტენციური მაძიებლები კარელიის ყელიდან ჩრდილოეთით, კოსტომუკშაში და იქიდან ვარტიუსის გადასასვლელამდე გაემგზავრებოდნენ. ასეც მოხდა. „გადაწყდა, ასეთი შემთხვევისთვის მომზადებულიყო მთელი აღმოსავლეთის საზღვრის დახურვის შესაძლებლობა, რათა ფინეთმა ნათლად აჩვენოს რუსეთს, რომ არ დაეთანხმება მართვადი მიგრაციის გამოყენებას ზეწოლის საშუალებად“, – წერს Iltalehti.
ფინეთის ხელისუფლებას ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია საზღვრის სრულად ჩაკეტვის გეგმები.
როგორც Sever.Realii წერს, კარელიაში დროებითი განსახლების ცენტრები მოეწყო იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც ვარტიუსის საკონტროლო-გამშვები პუნქტით ცდილობენ ფინეთში შესვლას. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რესპუბლიკური დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ, იუწყება Sever.Realii. კოსტომუკშის ზოგიერთი მოსახლე სოციალურ ქსელებში გამოთქვამს შეშფოთებას „ლტოლვილებთან მეზობლობაზე“. მოქალაქეების ნაწილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქუჩაში გასვლის ეშინიათ. მათი შეფასებით, საზღვარზე უკვე 50-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი.
ვარტიუსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელის, იოუკო კინუნენის თქმით, მისი რუსი კოლეგები პირდაპირ უბიძგებენ უცხოელებს ფინეთის საგუშაგოზე მისვლისა და თავშესაფრის თხოვნისკენ. რუსეთის მხარე უარყოფს, რომ მიგრანტებს საზღვრის გადაკვეთაში ეხმარება.
ფინეთმა ოთხი სასაზღვრო გადასასვლელის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება ძირითადად უსაფრთხოების მოსაზრებებით გაამართლა. ქვეყნის პარლამენტის სპიკერმა, იუსი ჰალა-აჰომ, ისეთი ვარაუდიც კი გამოთქვა, რომ მიგრანტები აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთიდან ჩამოდიან და ფინეთში თავშესაფარს ითხოვენ, შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“, რომლებიც აქტიურად მუშაობენ აფრიკის ქვეყნებში. თუმცა ჰელსინკიში ყველა არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. როგორც წესი, პარალელებს ავლებენ ორი წლის წინ პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე შექმნილ ვითარებასთან, როდესაც სავარაუდოდ ბელარუსის ხელისუფლების დახმარებით ათასობით მიგრანტი ცდილობდა ევროკავშირში შეჭრას.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღების გამო ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება – შეგვეჩერებინა ფუნქციონირება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას