ფინეთი ჯერ არ აპირებს რუსეთთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების გახსნას

ფინეთის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, ს საზღვარზე კვლავაც დახურული ჰქონდეს ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტი. ამის შესახებ ფინეთის მედია იტყობინება სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით. ამ საკითხზე ოფიციალურ გადაწყვეტილებას ხუთშაბათს გამოაცხადებენ.
ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რანტანენმა განაცხადა, რომ მთავრობაში არ არის საზღვრის ჩაკეტვის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა, ვინაიდან არ ჩანს არავითარი ნიშანი, რომ რუსეთმა რაიმენაირად შეცვალა საზღვრების მიმართ თავისი პოლიტიკა. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია საზღვარზე ამკრძალავი ზომების გაგრძელება.
საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვის თაობაზე მთავრობის წინა გადაწყვეტილება 15 იანვრამდე მოქმედებს. სავარაუდოდ, მთავრობა კიდევ ერთი თვით გააგრძელებს მას.
ჰელსინკი კვლავაც შეშფოთებულია რუსეთის საზღვრის გადაკვეთის მეშვეობით ფინეთში არალეგალური მიგრანტების ტალღის საფრთხით. ასეთი შემთხვევები საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვის შემდეგაც გრძელდებოდა.
როგორც Italehti იტყობინება, ოთხშაბათს საზღვრის ოთხი დამრღვევი დააკავეს პარიკალის რაიონში, სამხრეთ კარელიაში, რომელიც რუსეთს ესაზღვრება.
ფინეთის მთავრობამ ნოემბრის შუა რიცხვებში მიიღო გადაწყვეტილება ფინეთ-რუსეთის საზღვარზე მოქმედი ცხრავე საკონტროლო-გამშვები პუნქტის დახურვის შესახებ. ჰელსინკიმ მოსკოვს ბრალი დასდო მესამე ქვეყნების მოქალაქეთა პროვოცირებაში, რომ გადაეკვეთათ საზღვარი და ფინეთში გადასულიყვნენ. ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ნოემბრის დამდეგიდან რუსეთის მხრიდან ფინეთში გადავიდა 500-ზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი.
მათ შორის არიან სირიის, იემენის, ერაყის, სომალისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომლებსაც რუსეთის მესაზღვრეები თავიანთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე საზღვრის გადაკვეთის ნებართვის გარეშე უშვებენ.
14 დეკემბერს ფინეთმა გახსნა ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი, მაგრამ იქ 60-ზე მეტი თავშესაფრის მაძიებლის ჩასვლის შემდეგ პუნქტი ისევ დაიხურა ერთ დღე-ღამეზე უფრო მოკლე დროში.

ასევე დაგაინტერესებთ