ფინეთი თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის შესაჩერებლად რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას განიხილავს. ამის შესახებ განცხადებებს ფინეთის პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ავრცელებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მარი რანტანენის თქმით, აგვისტოდან ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სასაზღვრო პუნქტზე მიგრანტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ფინეთის მთავრობა ვარაუდობს, რომ აღნიშნული რუსეთის სასაზღვრო პოლიტიკის ცვლილების შედეგია.
წლების განმავლობაში ფინეთისა და რუსეთის სასაზღვრო ადმინისტრაციები თანამშრომლობდნენ პასპორტების ან შესაბამისი ვიზების არმქონე ადამიანების შეჩერებაში იქამდე, სანამ მეორე ქვეყანაში შესვლას ეცდებოდნენ, თუმცა, რანტანენის თქმით, რუსეთმა შესაბამისი დოკუმენტაციის არმქონე პირების სასაზღვრო ზონამდე დაშვება დაიწყო, სადაც მათ უკვე ფინეთში თავშესაფრის მოთხოვნა შეუძლიათ.
“ნათელია, რომ ამ ხალხს საზღვარზე მისვლაში ეხმარებიან. როგორც ჩანს, ეს ძალიან გაცნობიერებული გადაწყვეტილებაა. [ფინეთის] მთავრობის მესიჯი ნათელია: ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ და ჩვენი საზღვრის უსაფრთხოება უნდა უზრუნველვყოთ”, – განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ.