ფინანსურ დანაშაულებში მსჯავრდადებულებისთვის კანონი კიდევ უფრო მკაცრდება

ფინანსური დანაშაულისთვის გასამართლებულ პირს ქვეყნის დატოვება ავტომატურად აეკრძალება, სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენში ჩანაწერის გარეშე.
ამას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც კიდევ უფრო მკაცრდება სექტემბრის დასაწყისში დამტკიცებული კანონები, რომლის მიხედვითაც რიგ დანაშაულებში მსჯავრდადებულ პირს, სასჯელის მოხდის მიუხედავად, ქვეყნიდან გასვლა 16 წლით ეზღუდება.
„დღეს არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებით პირის მიმართ საქართველოდან გასვლის აკრძალვა გამოიყენება მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის მეშვეობით. არსებული რეგულირების დახვეწისა და დაზარალებული პირებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის სწრაფი და ეფექტური ანაზღაურებისთვის, მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლის აკრძალვა დაეკისრება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელ განაჩენში მითითების გარეშე“, — ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის მიხედვით, მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა აეკრძალება, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი საფუძვლები:
· მსჯავდებული ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 187-ე და 188-ე მუხლებით (თუ ზიანი 10 000 ლარს აღემატება), 2051 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 220-ე ან 2201 მუხლით ან 2861 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო;
· მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეა ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია;
· დაზარალებული წერილობით არ აცხადებს უარს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვაზე.“
მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვა უქმდება, თუ მან გადაიხადა დაზარალებულის კომპენსაცია ან დაზარალებული წერილობით აცხადებს უარს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდაზე.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, , თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
ამ თემაზე:
რომელი დანაშაულების შემთხვევაში შეიზღუდება ქვეყნიდან გასვლა სასჯელის მოხდის მერეც