სადავო პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც რიგი ფინანსური დანაშაულისთვის ნასამართლევ პირებს მაქსიმუმ 16 წლით უკრძალავს ქვეყნიდან გასვლას – თუ ზარალს არ აანაზღაურებენ. წესდება სხვა შეზღუდვებიც.
მესამე მოსმენით შეთავაზებული ცვლილებები პარლამენტში დღეს, 3 სექტემბერს წარადგინა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ და პლენარულ სესიაზე მესამე მოსმენით მიიღეს კიდეც.
· 2025 წლის 11 ივნისს, ამ პაკეტის ჟურნალისტებთან წარდგენისას „ქართული ოცნების“ მაშინდელმა დეპუტატმა და უმრავლესობის ლიდერმა, ახლა უკვე სუს-ის უფროსმა მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ ცვლილებების „ერთ-ერთი ინსპირატორი“ იყოს გიორგი ბაჩიაშვილი.
· ამჟამად პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილი არის ბიზნესმენი, ბიძინა ივნაიშვილის ყოფილი „პირადი ფინანსისტი“, რომელიც მსჯავრდადებულია კრიპტოვალუტების დავასთან დაკავშირებით.
· ბაჩიაშვილი, რომელმაც აპრილის დასაწყისში ქვეყანა მალულად დატოვა, სავარაუდოდ, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ძალის გამოყენებით მაისის ბოლოს დააბრუნეს.
კანონპროექტები ძალაში შედის საკანონმდებლო მაცნეს საიტზე გამოქვეყნებისთავანავე, – მას შემდეგ, რაც მიხეილ ყაველაშვილი ხელს მოაწერს.
რა იცვლება?
ცვლილებები შევიდა ხუთ კანონში, მათ შორის, ძირითადად სისხლის სამართლის კოდექსსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.
ცვლილებათა პაკეტის ძირითადი არსი ასეთია:
· თუ ადამიანი, რომელიც მსჯავრდებულია სხვადასხვა რიგის ფინანსური დანაშაულის გამო, მისი დანაშაულით მიყენებულ ზარალს არ აანაზღაურებს, 16 წლის განმავლობაში ქვეყნიდან გასვლა ეკრძალება;
· ის იძულებული იქნება, ატაროს ელექტრონული სამაჯური;
· შესაძლოა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, როგორც უშუალოდ მსჯავრდადებულის, ასევე მისი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს ქონება ჩამოართვან;
· თუ ის ზარალს არ აანაზღაურებს, ეკრძალება „საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი თანხის ქონის შესაძლებლობა“. საარსებო მინიმუმი 2024 წლის მონაცემებით, საარსებო მინიმუმი დაახლოებით 260 ლარია;
· მისთვის ფულის ან ქონების გადაცემა ახალი დანაშაული იქნება – მისი დახმარება კრიმინალიზდა და ჯარიმით ან 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება.
როგორც არჩილ გორდულაძემ განმარტა, ჩამოთვლილი ცვლილებები ვრცელდება მსჯავრდებულებზე, რომლებსაც დამნაშავედ ცნობენ შემდეგი მუხლებით ჩადენილ დანაშაულებში:
· დიდი ოდენობით თაღლითობა;
· დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვა;
· დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მითვისება ან გაფლანგვა;
· ქონებრივი დაზიანება მოტყუებით – დიდი ოდენობით;
· სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება (თუ ზიანი აღემატება 10 000 ლარს);
· დიდი ოდენობით ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით;
· უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება;
· კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, – რამაც დიდი ოდენობის ფინანსური ზიანი გამოიწვია.
გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის 10 მარტს სწორედ დიდი ოდენობით მითვისებაში ცდენს დამნაშავედ (ფულის გათეთრებასთან ერთად) და 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
„ბაჩიაშვილის ინსპირაციით“
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა წინასწარ თქვეს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ივანიშვილის ყოფილ პარტნიორს, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილსაც შეეხება.
11 ივნისს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას არაერთხელ გაიმეორა, რომ ახალი საკანონმდებლო პაკეტი ბაჩიაშვილსაც შეეხება და რომ, ზოგადად, საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი ინსპირატორიც ბაჩიაშვილია.
“საერთოდ, კანონები ასე იცვლება, – როცა ხედავს კანონმდებელი გამოწვევას კონკრეტულ ქეისებზე დაყრდნობით“, – თქვა მდინარაძემ და დასძინა, რომ ფუჭია ბაჩიაშვილსა და სხვა ბრალდებულების მოლოდინი, რომ – “ჩავიდენ დანაშაულს, რამდენიმეწლიანი ციხის მოხდის შემდეგ შემრჩება ძალიან დიდი ფული“.
16 ივნისს, როდესაც საკანონმდებლო პაკეტის ინიციირება ხდებოდა და განხილვა ჯერ არ იყო დაწყებული, არჩილ გორდულაძემაც თქვა პროსახელისუფლებო “იმედის” ეთერში, რომ ცვლილებები გიორგი ბაჩიაშვილსაც შეეხება:
“დიახ, შეგვიძლია თამამად დავადასტუროთ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები, მათ შორი – გიორგი ბაჩიაშვილზეც გავრცელდება ანუ იმ ადამიანზე, რომელმაც კონკრეტულ ადამიანს მიაყენა კოლოსალური ზიანი და ახლა აქვს სურვილი, რომ უბრალოდ ჩაჯდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და შემდეგ გამოვიდეს და ეს მიყენებული ზიანის სახით თანხები, რომელიც მან მიითვისა, გამოიყენოს თავისი პირადი კეთილდღეობისთვის”.
· “ბიტკოინების საქმეზე” ბაჩიაშვილს პირველი ინსტანციის სასამართლომ უკვე მიუსაჯა 11 წელი [„დიდი ოდენობით თანხის მითვისება“, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია”/ “ფულის გათეთრება” – სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტი, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტი]. დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოს მიმართა.
· ბრალი აქვს წაყენებული “მტკვარი ჰესის” საქმეზე – [გულგრილობა – სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, მძიმე შედეგით – სსკ-ის 220 პრიმა მუხლი];
· ასევე ბრალი აქვს წაყენებული საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის – [344-ე მუხლის პირველი ნაწილი].
