ფინანსური სისტემა მთლიანად დგას დასავლურ კაპიტალზე. თუ დასავლური კაპიტალი გავიდა, მაშინ ძალიან დიდი სიჩქარით წავალთ 90-იანი წლების მიმართულებით – ეკონომისტი

ფინანსური სისტემა მთლიანად დგას დასავლურ კაპიტალზე. თუ დასავლური კაპიტალი გავიდა, მაშინ ძალიან დიდი სიჩქარით წავალთ 90-იანი წლების მიმართულებით – ეკონომისტი
,,ზოგადად, ნებისმიერი ს წინ ტურბულენტობა როგორც წესი იზრდება, რაღაც დონეზე ნორმიდან ხდება ხოლმე გადახრა. მაგრამ, ახლა განსაკუთრებული არჩევნებია და აქ გარემო აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია.”- აცხადებს ,,კომერსანტთან” საუბარში ეკონომისტი აკაკი ცომაია. ექსპერტი აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის კურსზე გავლენას სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში არსებული არაპროგნოზირებადი ვითარება ახდენს. ცომაია განმარტავს, რომ გაურკვეველი მდგომარეობის გამო მოსახლეობა ლარს ყიდის და უცხოურ ვალუტას ყიდულობს, რაც ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზია. ექსპერტი ლარის გაუფასურებას არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში არ გამორიცხავს.
,,შეიძლება არჩევნებამდე ლარის კურსი გაუფასურდეს. მე ხომ ვერ გეტყვით ახლა ვინ გადაწყვეტს ლარის უცხოურ ვალუტაში გადაკონვერტირებას. ლარი უფასურდება იმიტომ, რომ ადამიანები ლარს ყიდიან და ყიდულობენ უცხოურ ვალუტას. შესაბამისად, ვერ ვიწინასწარმეტყველებ არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში კიდევ რა რაოდენობის ლარის კონვერტირება მოხდება უცხოურ ვალუტაში.”- აცხადებს აკაკი ცომაია.
ეკონომისტი მიიჩნევს, რომ საჭიროა არჩევნების თავისუფალ გარემოში, გაყალბების გარეშე ჩატარება. მისი თქმით, ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენით ქვეყანას ფინანსური კრიზისი ელის, რადგან საქართველოს წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება.
,,თუ ,,ქართული ოცნება” დარჩა ხელისუფლებაში და გაყალბების გზით შეინარჩუნა ხელისუფლება, ამ შემთხვევაში ყველასათვის ცნობილია, რომ ფინანსური სანქციების მთელი პაკეტი წამოვა საქართველოსკენ. ფაქტობრივად ძალიან რთული მდგომარეობა შეიქმნება ფინანსური სისტემის მიმართ. თუ ,,ქართულმა ოცნებამ” გაყალბების გზით შეინარჩუნა ხელისუფლება, ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში ეს უკვე იმდენად გაუთვლელია, ზიანის მასშტაბი შეიძლება საკმაოდ მაღალი იყოს. ფინანსური სისტემა მთლიანად დგას დასავლურ კაპიტალზე. თუ დასავლური კაპიტალი გავიდა, მაშინ ძალიან დიდი სიჩქარით წავალთ 90-იანი წლების მიმართულებით.”- აცხადებს აკაკი ცომაია.
ექსპერტი ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებსაც ეხმაურება. ,,კომერსანტთან” საუბარში აკაკი ცომაია აცხადებს, რომ სებ-მა რეზერვებიდან გაცილებით მეტი თანხა გაყიდა, ვიდრე ეს ოფიციალურად არის ცნობილი.
,,ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით. არსებობს კიდევ ,,BMatch” სისტემა, რომელშიც სებ-ი ისე ყიდის უცხოურ ვალუტას, რომლის შესახებაც ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს და ვიგებთ ერთი თვის დაგვიანებით. ამიტომ სავარაუდოდ, 2 ჯერ მეტი ინტერვენციაა განხორციელებული ვიდრე ეს ოფიციალურად არის გაჟღერებული. სებ-ს დავალებული აქვს, რომ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს არჩევნებამდე სავალუტო კურსი. ეს ცალსახაა.”
ეკონომისტი აცხადებს, რომ რეზერვებიდან თანხის გატანა შესაძლოა პრობლემური აღმოჩნდეს, თუ ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნება” დარჩება.
,,წარმოიდგინეთ, თუ ქართული ოცნება რჩება ხელისუფლებაში მას არავინ დედამიწის ზურგზე რეზერვების მიმწოდებელი აღარ ჰყავს. ჩინეთის იუანებს თუ აიღებს კრედიტად მაღალ საპროცენტო განაკვეთში. სხვა მხრივ არც სავალუტო ფონდი ჰყავს მას გვერდით, არც სხვა საფინანსო კორპორაციები. ცხადია საკრედიტო რეიტინგი ფუჭდება ქვეყნის, საპროცენტო განაკვეთი იზრდება და კრედიტები ძვირდება. არჩევნები უნდა ჩატარდეს გაყალბების გარეშე, თავისუფლად და დამარცხებულმა მხარემ აღიაროს რომ ის დამარცხდა არჩევნებში და მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება.”- აცხადებს აკაკი ცომაია.