„ფინანსური რესურსები მივმართეთ იმისკენ, რომ მაქსიმალურად გაგვეზარდა ხელფასები, გვეზრუნა კადრების მოზიდვაზე და გადამზადებაზე“ – „დიო“ წელს 10%-მდე ზრდას ვარაუდობს

„ფინანსური რესურსები მივმართეთ იმისკენ, რომ მაქსიმალურად გაგვეზარდა ხელფასები, გვეზრუნა კადრების მოზიდვაზე და გადამზადებაზე“ – „დიო“ წელს 10%-მდე ზრდას ვარაუდობს
„დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი „კომერსანტთან“ მიმდინარე წელს აჯამებს და ამბობს, რომ პოზიტიური წელი იყო, თუმცა კომპანიას გამოწვევაც არაერთი ჰქონდა, მათ შორის ყველაზე მწვავე კადრების დეფიციტია.
„კომპანიისთვის პოზიტიური წელი იყო. მოლოდინი არის რომ წელს 5%-დან 10%-მდე ზრდით დავხურავთ. საერთო ჯამში კარგი წელია იყო და ვფიქრობთ, რომ მომავალ წელსაც ასეთივე შედეგებზე გავალთ.
წელს მთავარი გამოწვევა კადრების დეფიციტი იყო და ბევრი შრომა გავწიეთ იმისთვის, რომ კვალიფიციური პერსონალი შეგვენარჩუნებინა, შესაბამისად გაიზარდა კომპანიის ხარჯები, რამაც კომპანიის მომგებიანობის შემცირებაზე მოახდინა გავლენა. ფინანსური რესურსები მივმართეთ იმისკენ, რომ მაქსიმალურად გაგვეზარდა ხელფასები, გვეზრუნა კადრების მოზიდვაზე და გადამზადებაზე. უამრავი ადამიანი მიდის ქვეყნიდან და ეს არის მთავარი კაპიტალი, რომელსაც ქვეყანა კარგავს. ვფიქრობ, მომავალ წელსაც კადრების საკითხს დავუთმობთ, იმას თუ როგორ მოვახერხოთ გადავამზადოთ ისინი“, – ამბობს თამაზ დაუშვილი.
მისი თქმით, სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, წელს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებაში ,,დიო” აქტიურად ჩაერთო.
„კომპანიამ გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრთან ერთად პროფესიული განათლების ახალი მოდული შეიმუშავა. ეს არის მზისგან დამცავი სისტემები და კარ-ფანჯრების მემონტაჟის სასწავლო მოდული, რა მიმართულებითაც ძალიან დიდი დეფიციტი იგრძნობა“, – ამბობს თამაზ დაუშვილი.
ქართული კაპიტალით შექმნილი „დიო“ ბაზარზე 26 წელია ოპერირებს. ჟალუზების წარმოებით დაწყებული ბიზნესი, დღეს უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხნამდე გაიზარდა.