საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის, ფასს 9-ის, მიზნებისთვის მორიგ მაკროეკონომიკურ სცენარებს აქვეყნებს.
აღნიშნული სცენარების მიზანია, ხელი შეუწყოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების გამჭვირვალედ, თანმიმდევრულად და ეფექტიანად წარმოებას. სცენარების მიმდინარე განახლება, რუსეთ-უკრაინის ომის ხანგრძლივობასთან არსებული გაურკვევლობისა და გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ფონზე, ფინანსური ინსტიტუტების მაკროეკონომიკური ინფორმაციით დროულად უზრუნველყოფას ემსახურება.
დოკუმენტში ასახულ სცენარებში, ცვლადების დინამიკის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორები გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ხანგრძლივობასა და საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკურ აქტივობასთან დაკავშირებული დაშვებებია. საბაზო სცენარში ეკონომიკური ზრდის წამყვან ფაქტორებად საწარმოო ფაქტორების გაზრდილი პროდუქტიულობა და ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების გაუმჯობესებული დინამიკა განიხილება. ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ეკონომიკური აქტივობა, საბაზო სცენართან შედარებით, უფრო მდგრადი ხასიათისაა, რაც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაფართოებასა და სავაჭრო პარტნიორებში გაუმჯობესებული ეკონომიკური ზრდის მოლოდინებთან არის დაკავშირებული. პესიმისტური სცენარი განვითარებულ ქვეყნებში გამკაცრებული ფინანსური პირობების შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნებასა და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური აქტივობის შეფერხების რისკებს ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ მომავალი პერიოდის განმავლობაში მაღალი გაურკვევლობა და რისკები კვლავ ნარჩუნდება.
ფასს 9-ის მიხედვით, საკრედიტო რისკების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სცენარებში წარმოდგენილ ინფორმაციას. კერძოდ, მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს მოსალოდნელი ტენდენციები და ადგილობრივი და გლობალური რისკები. აღნიშნული ხელს შეუწყობს საკრედიტო რისკების დროულ აღრიცხვას და ამდენად პოზიტიური გავლენა ექნება ფინანსურ სტაბილურობაზე. დოკუმენტში წარმოდგენილი რისკ-სცენარები არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის პროგნოზს და მათი გამოქვეყნება ფინანსური ინსტიტუტების მიერ ფასს 9 ანგარიშგების გამჭვირვალედ და ეფექტიანად წარმოებას ემსახურება.
ამასთან, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოყენებული მაკროეკონომიკური დაშვებები იყოს ურთიერთშესადარისი, რასაც წარმოდგენილი სცენარების გამოყენება უზრუნველყოფს.