“დღეს ნებისმიერ არასამეწარმეო, კომერციულ პირს ევალება ფინანსური ანგარიშგების მომზადება”, – ამის შესახებ BDO-ს მმართველმა პარტნიორმა, ზურამ ლალაზაშვილმა განაცხადა. მან BMG-სთან რუსული კანონი შეაფასა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში დააბრუნა. ზურაბ ლალაზაშვილის თქმით, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა საჭიროა, აღნიშნული არსებულ კანონში შესაბამისი ცვლილებითაც შესაძლებელია.
“გვაქვს შესაბამისი კანონი, სტანდარტია დადგენილი, ანგარიშგება როგორ უნდა მომზადდეს. უბრალოდ მათ არ ევალებათ გამოქვეყნება და წარდგენა. შესაძლებელი იყო, ამ კანონს წარდგენის ვალდებულება დამატებოდა. დადგენილი გვაქვს, როგორ შეიძლება მოამზადოს ფინანსური ანგარიში ნებისმიერმა ორგანიზაციამ და ამის მიღწევა მარტივად შესაძლებელი იყო”, – განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.
BDO-ს მმართველი პარტნიორი მიიჩნევს, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი საქართველოს ევროინტეგრაციას შეაფერხებს. მისი განცხადებით, პარლამენტმა ის არ უნდა მიიღოს.
“აქ არის ერთი შინაარსობრივი თემა, ვთქვათ, საჭიროა თუ არა ასეთი კანონის მიღება და მეორე არის, რის სანაცვლოდ მიიღება ეს გადაწყვეტილება. ჩემთვის ყველაზე მთავარია, თუ გვინდა ევროკავშირში შესვლა, ამისთვის ხელისუფლებამ, ოპოზიციამ, საზოგადოებამ ყველა აუცილებელი ნაბიჯი გადავდგათ. ეს საქართველოს მოქალაქეები არჩევანია. ეს ჩვენი მომავალი თაობის, არსებული საზოგადოების განვითარებას განსაზღვრავს. ნებისმიერი რამ, რაც ამ მიზნის მიღწევას ხელს შეუშლის, არ უნდა იყოს მიღებული”, – აღნიშნა მან.
“ქართულმა ოცნებამ” ძველით ახალი “რუსული კანონი” პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა. დოკუმენტის მიხედვით, “უცხოური ძალის აგენტი” “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით” ჩანაცვლდა. სტატუსი ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას მიენიჭება, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან იღებს. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ატვირთვა მოუწევთ. ასეთი სტატუსის მქონე პირთა შემოწმება იუსტიციის სამინისტროს შეეძლება.