ფინანსთა სამინისტრო ვერ ენდობა მუნიციპალიტეტებს,თუ რამდენად ეფექტიანად შეძლებენ თანხების განკარგვას – ხიშტოვანი ქონების გადასახადის რეფორმის გადავადებაზე
ფინანსთა სამინისტრომ ქონების გადასახადის რეფორმა გადაავადა და ის წელს არ განხორციელდება. არადა სამინისტრო შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირებას პარლამენტში ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე გეგმავდა.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ რეფორმის შედეგად მუნიციპალიტეტების ნაწილს შემოსავლები მნიშვნელოვნად ეზრდება, ნაწილს კი უმცირდება. შესაბამისად,მისი თქმით, მთავრობა ამ რეფორმის გატარებას არ ჩქარობს.
კაკაურიძის განცხადებას არ ეთანხმება ეკონომისტების ნაწილი.
გიორგი ხიშტოვანი თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს არგუმენტები ქონების გადასახადის რეფორმის გადავადების შესახებ ბევრ კითხვას აჩენს: უწყება დეტალების არგამჟღავნების ფონზე ფაქტობრივად აღიარებს, რომ 15-წლიანი თვითმმართველობის რეფორმის მიუხედავად, მუნიციპალიტეტებს მზარდი შემოსავლის ეფექტიანად სამართავად არ ენდობიან.
,,ფინანსთა სამინისტროს არგუმენტები ქონების გადასახადის რეფორმის გადავადებასთან დაკავშირებით ძალიან უცნაურია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რეფორმის დეტალებიც კი არ ვიცით. თუ საუბარი მხოლოდ იმაზეა, რომ პირობითად, რომელიღაც მუნიციპალიტეტს რეფორმის მიხედვით შემოსავლები ეზრდება, შეიძლება, ისე დაიგეგმოს რეფორმის შინაარსი, რომ მეტი ან ნაკლები გადასახადების პირობებში, თანხების გადანაწილება მოხდეს. ასევე, უცნაურია ისიც, რომ ბოლო 15 წელია, თვითმმართველობის რეფორმას ვატარებთ საქართველოში, სტრატეგიები და სამუშაო ჯგუფები არსებობს და ფაქტობრივად, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ უწყება ვერ ენდობა მუნიციპალიტეტებს, მზარდი შემოსავლის პირობებში, რამდენად ეფექტიანად შეძლებენ თანხების განკარგვას“,- ამბობს ეკონომისტი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი გიორგი ხიშტოვანი რადიო „კომერსანტის“ ეთერში.
ხიშტოვანის ინფორმაციით, რეფორმის შედეგად, შემოსავლის ნაცვლად გადასახადი ქონების ოდენობაზე დაფუძნდება, თუმცა ის მიიჩნევს, რომ ეკონომიკის ზომიერი ზრდის ფაზაში გადასვლის პირობებში, რეფორმის ამ ეტაპზე განხორციელება მიზანშეწონილი არ არის.
,,რაც მე გავიგე, იყო შემდეგი, რომ აიკრიფება მეტი გადასახადი როგორც ბიზნესისგან, ისე – მოქალაქეებისგან, რაც თავისთავად, არ არის სწორი. გავიგე, რომ შეიცვლება პრინციპი, ანუ ფიზიკური პირების შემთხვევაში შემოსავალი აღარ იქნება, როგორც ეს დღეს არის და იქნება ქონების ოდენობა.
ჩემი შეფასება არის, რომ ქონების გადასახადის რეფორმა დღეს არ არის მიზანშეწონილი იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკა სწრაფი ზრდის ეტაპიდან გადადის ზომიერი ზრდის ფაზაში, რაც სერიოზულად შეეხება ყველა ბიზნესს და შესაბამისად, მათთვის საგადასახადო ტვირთის გაზრდა სასურველი არ იქნება”,- აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.
