ფინანსთა მინისტრი პენსიების შესახებ „ლელოს“ დაპირებაზე – არანაირ გათვლებზე არ არის დაყრდნობილი აღნიშნული ინიციატივა – ეს არის უბრალოდ მოსახლეობის მოტყუების მცდელობა

არანაირ გათვლებზე არ არის დაყრდნობილი აღნიშნული ინიციატივა – ეს არის უბრალოდ მოსახლეობის მოტყუების მცდელობა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პლენარულ სხდომაზე პარტია „ლელოს“ დაპირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა, რომლის თანახმად, სთვის სანქციების დაწესების პირობებში, პენსიები 1000 ლარამდე გაიზრდება.
„პროგრამის ეს ნაწილი, რომელიც ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა წარმოადგინა, არის მაგალითი, როგორ უნდა მოხდეს დეპოლარიზაციის შემცირება ქვეყანაში, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, არც ერთი ოპოზიციური პარტია არ დარჩა, რომელსაც ერთხმად არ ეთქვა, რომ ეს არარეალურია. არანაირ გათვლებზე არ არის დაყრდნობილი აღნიშნული ინიციატივა. ბუნებრივია, ყველა ხვდება რასაც ემსახურება. ერთადერთი რასაც ემსახურება ისაა, რომ შეცდომაში შეიყვანონ საქართველოს მოსახლეობა და ამით გარკვეული დივიდენდები მიიღონ. პროგნოზებსაც და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რამდენად რეალური ან არარეალისტურია, მათემატიკურადაც შეუძლებელია უბრალოდ ასეთი გათვლების განხორციელება. ჯამში, რაც წარმოადგინეს, დაახლოებით 6 მილიარდი ლარია დამატებით საჭირო იმისთვის, რომ აღნიშნული პროექტი განხორციელდეს. ეს იდეები და მოსაზრებები, რასაც ამ პოლიტიკური ჯგუფისგან ვისმენთ, მხოლოდ გაანახევრებს, თუ არა გაზრდის მიმართულებით ვერაფერს ვერ შეცვლის ნამდვილად. შესაბამისად, ამ ნაწილში მთლიანი პოლიტიკური სპექტრიც თანხმდება, რომ ეს იდეები უბრალოდ არც სწორია და მათემატიკურადაც შეუძლებელია. 9%-იანი ეკონომიკური ზრდით რომ 4 წელიწადში 100%-ს რომ ვერ მიიღებთ, ეს მაქსიმუმ მე-5, მე-6 კლასის მათემატიკის საკითხია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, ეს არის მოსახლეობის მოტყუების მცდელობა.
„პენსია არ არის ერთადერთი საპენსიო მუხლი, რომლებსაც პენსიონერები ამა თუ იმ ფორმით სახელმწიფოსგან მხარდაჭერას და დახმარებას იღებენ. შემიძლია გითხრათ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების დაახლოებით 70%-ზე მეტი სწორედ პენსიონერების მიმართულებით მიემართება და სხვა მრავალი პროგრამიდანაც სახელმწიფოს აქვს პენსიონერების მიმართ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა. რაც შეეხება იმ პოპულისტურ გეგმებს თუ პროგრამას, რომელიც წარმოდგენილი იყო კონკრეტულად ერთი პარტიის მიერ, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უბრალოდ ჩვენი მოსახლეობის მოტყუების მცდელობა, რაც ვფიქრობ, ვერ განხორციელდება“,- განაცხადა ხუციშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ