ფინანსთა მინისტრი – ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ საშუალება მოგვცა სრულად აგვენაზღაურებინა პანდემიის დანაკარგი და ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად გაზრდილიყო

ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ საშუალება მოგვცა სრულად აგვენაზღაურებინა პანდემიის დანაკარგი და ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად გაზრდილიყო – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა 2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას აღნიშნა.
როგორც მან განაცხადა, შედეგად, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების დონით, მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, ქვეყანა წლიდან წლამდე ამცირებს ევროკავშირის საშუალო დონესთან ჩამორჩენას.
„2024 წელს, ჩვენი შემოსავლები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 41%-ს შეადგენს, ხოლო 2027 წლისათვის 45 პროცენტამდე იზრდება. თუ ჩვენ გადავავლებთ თვალს ევროკავშირში ბოლო გაწევრიანებული ქვეყნების მონაცემებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის რიგ ქვეყნებს, მათ შორის, ბულგარეთს, პოლონეთს, უნგრეთს, რუმინეთს, გაწევრიანების მომენტში, დაახლოებით, მსგავსი მაჩვენებლები ჰქონდათ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მან, ასევე, ისაუბრა მაკრო-ფისკალური ინდიკატორების შედარებაზე ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებთან.
ამასთან, მინისტრის თქმით, საქართველო განაგრძობს ევროკავშირის (EU) რეგულაციებთან შემდგომი ჰარმონიზების პროცესს. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, ევროპულ მომავალთან ერთად, კიდევ ერთი დასტურია, მათ შორის, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში მიღწეული პროგრესის.
მისი თქმით, საქართველო ამჟამად, პირველად ამზადებს ევროკავშირის ეკონომიკური რეფორმების გეგმის დოკუმენტს ევროკავშირის მიერ კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიით. მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირის ESA 2010 აღრიცხვის სტანდარტთან საქართველოში მოქმედი IMF-ის GFSM 2014-ის აღრიცხვის დაკავშირებაზე; გრძელდება მუშაობა საინვესტიციო პროექტების მართვის რეფორმაზე.
როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრის მეშვეობით წლებია ხორციელდება შიდა ფინანსური მართვისა და კონტროლის რეფორმა.
მისივე თქმით, საქართველოს საგადასახადო სისტემა წლებია წარმატებით ვითარდება ევროკავშირის რეგულაციებთან მაქსიმალური თავსებადობის პრინციპით და მეტწილად, ჰარმონიზებულია, მათ შორის, დღგ-ის და დიდწილად აქციზის ნაწილში, კვლავ გრძელდება მუშაობა ფისკალური ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერების მიზნით.
„ყოველივე ზემოაღნიშნული უზრუნველყოფს მუდმივ რეჟიმში მდგრადი მაკრო-ფისკალური პარამეტრების შენარჩუნებას და მკაცრ, თუმცა ამავდროულად, ეფექტურ და მოქნილ ფისკალურ დისციპლინას, რომელიც ვითარდება ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად. თუ შევხედავთ ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ბოლო მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, ვნახავთ, რომ საქართველოს არამარტო მათ საშუალო მაჩვენებლებზე უკეთესი პოზიცია აქვს, არამედ მთელი რიგი მიმართულებებით მოწინავე პოზიციაზეა. ეკონომიკური ზრდის ტემპით, საქართველო პირველ ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის, ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით – საქართველო მე-3 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის, მთავრობის ვალის სიმცირის მიხედვით – საქართველო მე-10 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის და უსწრებს 26 ქვეყანას, ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირის მიხედვით – საქართველო მე-16 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის და უსწრებს 20 ქვეყანას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ქვეყნის ძირითად ეკონომიკურ მაჩვენებლებზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკამ პოსტპანდემიურ პერიოდში, 2 წლის განმავლობაში, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწია, რის შემდეგაც 2023 წელს ეკონომიკა უბრუნდება პანდემიამდელ ტენდენციას და კვლავ შესამჩნევ ზრდას განაგრძობს.
„აღსანიშნავია, რომ მცირე ჩავარდნის შემდეგ, 2022 წლიდან მოყოლებული ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მთავარი წარმმართველი ისევ ინვესტიციების კომპონენტია. მიმდინარე წელს, ჩვენ ეკონომიკურ ზრდას – 6,5 პროცენტს ველოდებით, ხოლო 2024 წლის პროგნოზი 5,2 პროცენტია. 2023 წლის ბოლოსთვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8000 დოლარს გადააჭარბებს, ხოლო 2027 წლისათვის, 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პირობებში თითქმის 11 ათას დოლარს მიაღწევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2027 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მოცულობა მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით (ე.წ. PPP-ის მიხედვით) 30,000 დოლარს მიაღწევს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შესანარჩუნებლად, მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა მთავარი ამოცანაა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ისტორიულად მაკროეკონომიკური სტაბილურობის მთავარი გამოწვევა მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი იყო.
„ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, თუ პანდემიის პერიოდს, 2020-2021 წლებს მხედველობაში არ მივიღებთ, ფაქტობრივად, ყოველწლიურად გვაქვს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კლება. 2022 წლისათვის, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი რეკორდულად დაბალ 4.6%-იან ნიშნულზე დაფიქსირდა. ჩვენი მოლოდინით, 2023 წელსაც დეფიციტს მსგავს დონეზე შევინარჩუნებთ. 2022 წლისათვის დაიწყო მთლიანი ინვესტიციების მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებლის ზრდა და ასევე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2022 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 2.1 მილიარდ დოლარს მიაღწია. ისტორიულად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება 2023 წელსაც, წლის პირველ ნახევარში FDI-ის შემოდინებამ მილიარდ 72 მილიონი შეადგინა, რითაც 10,9 პროცენტით გადააჭარბა შარშანდელ მაჩვენებელს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ