ტურიზმის აღდგენამ, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როგორც ეკონომიკურ, ისე მიმდინარე ანგარიშის აღდგენაში – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა 2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას აღნიშნა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2022 წელს რეკორდული 3,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.
„აღსანიშნავია, რომ ტურიზმიდან შემოსავლები კვლავ ზრდას განაგრძობს და მხოლოდ 2023 წლის 9 თვის მდგომარეობით, ტურიზმიდან იმდენივე შემოსავალი მივიღეთ, რაც 2019 წელს მთლიანად და 28 პროცენტით მეტი, ვიდრე 2019 წლის პირველ 9 თვეში. ჩვენი შეფასებით, ტურიზმი მომდევნო წლებშიც გააგრძელებს დადებითი წვლილის შეტანას, როგორც ეკონომიკურ ზრდაში, ისე საგარეო ბალანსის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, წლის მეორე ნახევრიდან ფიქსირდება ინფლაციის მკვეთრი დასტაბილურება, რასაც მინისტრის განმარტებით, ხელი შეუწყო როგორც მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ და ფისკალურმა კონსოლიდაციამ, ასევე საერთაშორისო ფასების დასტაბილურებამ, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმის შემოღებამ და თურქეთის ბაზარზე წვდომამ.
„პანდემიიდან მოყოლებული, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, მნიშვნელოვნად დაირღვა მიწოდების ჯაჭვები, რამაც მსოფლიო ბაზრებზე სურსათის და ენერგომატარებლების მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში მთელ მსოფლიოში სამომხმარებლო ფასების მნიშვნელოვანი ზრდის მიზეზი გახდა. აქედან გამომდინარე, საქართველოში 2021-2022 წლებში არსებული ინფლაცია. ძირითადად. განპირობებული იყო სურსათის და უალკოჰოლო სასმელებისა და ტრანსპორტის კომპონენტებით, რომლებმაც მსოფლიო ბაზარზე ფასების კლების გამო, 2023 წელს ინფლაციის ტემპის შემცირებაში უკვე დადებითი გავლენა მოახდინეს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.