ფინანსთა მინისტრის ანგარიში – 2023 წელს, სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულია 890 მლნ ლარი – აკრძალულ პირთა სიაშია 1 487 861, დამოკიდებულ პირთა სიაში კი 12 864 ადამიანი

2023 წელს, სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულია 890 მლნ. ლარი, – ამის შესახებ პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ დოკუმენტშია აღნიშნული, რომლითაც ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, 21 თებერვალს უნდა წარდგეს.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, აკრძალულ პირთა სიაში დღეისათვის შეტანილია 1 487 861 პირი.
„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვით დარეგულირდა სისტემურ -ელექტრონული ფორმით (ონლაინ) აზარტული და მომგებიანი თამაშობების საქმიანობა. კერძოდ: დაწესდა ახალი სანებართვო საქმიანობის სახეები სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ონლაინ) აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზებაზე. ასევე, დადგინდა სანებართვო პირობები, სანებართვო მოსაკრებლის ოდენობები და პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევის და წლიური სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკანონმდებლო ცვლილებებით, შეიცვალა სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის წესი და პრინციპებიც, რამაც მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა იქონია ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, 2023 წელს, სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულია 890 მლნ. ლარი, მათ შორის, სანებართვო მოსაკრებლიდან – 63 მლნ. ლარი, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან – 141 მლნ. ლარი, ხოლო გადასახადებიდან (დღგ, მოგება-GGR, საშემოსავლო, ქონება, იმპორტი) – 686 მლნ. ლარი. როგორც მოგეხსენებათ, სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთები დამატებით გაიზარდა 2023 წლის ბოლოს განხორციელებული ცვლილებებითაც, რაც დამატებით 400 მილიონ ლარამდე შემოსავალს მოიტანს 2024 წელს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სათამაშო ბიზნესის სფეროში განხორციელებული ცვლილებებით აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის მიღება აეკრძალათ – 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულ პირებს და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილ პირებს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა მზარდია და აკრძალულ პირთა სიაში დღეისათვის შეტანილია 1 487 861 პირი. დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 12 864 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 45 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 12 819 განაცხადი დარეგისტრირდა”,- ნათქვამია დოკუმენტში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს