ცენტრალურ ფილიპინებში 6.9 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მიწისძვრა სებუს სანაპიროსთან მოხდა, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა და შენობების დაზიანება გამოიწვია.
გამოცემის ცნობით, სებუს ადგილობრივმა მთავრობამ პროვინციაში კატასტროფის მდგომარეობა გამოაცხადა. პროვინციის მასშტაბით სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
ყველაზე მეტი მსხვერპლი დაფიქსირდა ბოგოში, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრიდან დაახლოებით 17 კილომეტრში მდებარეობს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქალაქში 19 ადამიანი დაიღუპა და 119 დაშავდა.
ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტმა ცუნამის შესახებ გაფრთხილება გააუქმა და განაცხადა, რომ „ზღვის დონის მცირე რყევებით გამოწვეული რაიმე ზემოქმედება ძირითადად ჩავლილია“.




