საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ და შპს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ („ფილარმონია“) გაერთიანების პროცესი მალე დასრულდება და ის სამართავად ახლად შექმნილ კომპანიას გადაეცემა.
,,კომერსანტი” მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ შერწყმის პროცესი გრძელდება, თუმცა როდის დასრულდება კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია. ახალი შპს-ს 100%-იანი წილის მფლობელი მთავრობა, ხოლო საწარმოს მართვასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განმახორციელებელი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იქნება.
,,ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებული საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena და თბილისის ფილარმონიის დარბაზი კულტურის სამინისტროდან მთავრობის ადმინისტრაციას მართვა-განკარგაში 2024 წლის 15 აგვისტოს გადაეცა. შესაბამისი დადგენილება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
,,ფილარმონია” კულტურის სამინისტროს ბალანსზე 2022 წლის 27 მაისს გადავიდა. 2019 წლამდე კომპანიას შპს „ინტერნეიშენალ ივენთსი” მართავდა. შპს-სთან ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი „ინტერნეიშენალ ივენთის“ მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა. მათ შორის იყო საკონცერტო დარბაზის განვითარების მიზნით ინვესტიციის ვადა გადაცილებით განხორციელება, წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის პირობის დარღვევა, მართვის საზღაურის გადაუხდელობა და სხვა.
რაც შეეხება Black Sea Arena-ს, ის 2016 წელს კერძო მფლობელობიდან სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა. დარბაზს ეკონომიკის სამინისტრო მართავდა. 2022 წლის 16 მაისს კი მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მისი აქტივები და მართვის უფლება კულტურის სამინისტროს გადასცა.