ფილადელფიაში საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს კუთხე გაიხსნა

26 აპრილს, ფილადელფიაში საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მოწვეულმა ხელოვანებმა, სტუმრებმა, სენატორებმა და უამრავმა დამთვალიერებლებმა ულამაზეს დიდ სივრცეში მოიყარეს თავი.
ქართული დროშა ამ ფესტივალზე წელს მეორედ აფრიალდა, პირველად კი ამერიკაში მცხოვრები ჟურნალისტის და დიპლომატის, ლელა ვაშაკიძის დამსახურებით მოხვდა, სწორედ მან გამართა სენატორებთან და ფესტივალის დამფუძნებლებთან მოლაპარაკება და მოიპოვა ფესტივალში მონაწილეობის უფლება და წელს, მისივე სურვილით, საორგანიზაციო საკითხებით დაკავებული იყო „Lelanicorporation“-ი და მისი დამფუძნებელი ლელა ნინუა. ჩვენ დავუკავშირდით მას და გვესაუბრეთ.
ჟურნალისტი, „Lelanicorporation“-ის დამფუძნებელი ლელა ნინუა: ფესტივალი 30 წელია ტარდება და მასში 50 ქვეყანა მონაწილეობს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ მნიშვნელოვან ფესტივალზე, ყველაფერი იყოს წარმოდგენილი, რითაც ქართველები გამოვირჩევით.
წელს მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. როგორც გითხარით, ფესტივალში 50 ქვეყანა მონაწილეობს და დარბაზში ყველა მათგანის დროშაა განთავსებული. ერთ-ერთმა სენატორმა ამ დროშებიდან საქართველოს დროშა აარჩია და სწორედ ქართული დროშით გაიხსნა ფესტივალი.
ფესტივალზე საქართველო 8 მონაწილემ: ფიქრია კოხოძემ, ლეილა მჭედლიშვილმა, მაია მიქაშავიძემ, ლიკა მურჯიკნელმა, ნინო მიმინოშვილი-გიორგაძემ, მალხაზ მაისაშვილმა, ეკა ტუჩაშვილმა და თეა ჩოლოგაურმა წარადგინა. ჩვენი კუთხე პატარა მხატვრების ნახატებმაც და ანსამბლის „ფესვები“ გამოსვლამ გაალამაზა.
მონაწილეებს შორის ყველაზე უხუცესი 85 წლის ლეილა მჭედლიშვილი გვყავდა, ასევე მონაწილეობდნენ პატარა მხატვრები, რომლებმაც ქართველი მეფეები და წმინდანები დახატეს. ეს ყველაფერი ჩვეულებრივ დამსწრე საზოგადოებასთან ერთად სახელმწიფო მოხელეებმა, სენატორებმა, მოსამართლეებმა დაათვალიერეს, რაც მთავარია აქ დგება ურთიერთობები. მათ გარდა ჰოლივუდის წარმომადგენლები, პროდიუსერები ესწრებიან ხოლმე ფესტივალს და ახალ სახეებს, ახალ კომპანიებს, ახალ ნამუშევრებს ეძებენ, სწორედ ამიტომ ეძახიან ამერიკას მოულოდნელობების ქვეყანას, რომ შეიძლება ერთი პატარა დეტალით ძალიან დიდი გზა გაეხსნას თითოეულ ხელოვანს.
მნიშვნელოვანი იყო ამ ფესტივალში მონაწილეობა, რადგან უკეთ გაიცნეს ჩვენი ქვეყანა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „Georgian Vintages Corp“-ს ღვინოებისთვის, რომელიც სენატორებს გადავეცით საჩუქრად, მადლობა პაკო ბატიაშვილს გვერდში დგომისთვის და დიდ მადლობას ვუხდი ლელა ვაშაკიძეს ნდობისთვის და იმისთვის, რომ ყველაფერი გააკეთა რათა საქართველოს მიეღო მონაწილეობა ფესტივალში.”
ბიზნესმენმა, კომპანია „დაფიდილის” დამფუძნებელმა და ფესტივალში საქართველოს მონაწილეობის სულისჩამდგმელმა ლელა ვაშაკიძემ განაცხადა, რომ საქართველოს კუთხე განსაკუთრებული იყო და იდეალურად ჩაიარა ყველაფერმა და წელს, აგვისტოში ის მოსამართლეებთან და კონგრესმენებთან ერთად ეწვევა საქართველოს. ამაზე ოდნავ მოგვიანებით გიამბობთ, მანამდე კი ერთი წლით დავემშვიდობებით „გაზაფხულის ფესტივალს“და დიასპორის სხვა სიახლეებით მალე დაგიბრუნდებით.