21 თებერვალს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის საგზური მოიპოვა. იმ დღიდან გულშემატკივრის დიდ ინტერესს იწვევს ყველა ინფორმაცია, რაც ევროპის მომავალ ჩემპიონატს ეხება.
პირველ რიგში გეტყვით, რომ წილისყრა 27 მარტს გაიმართება. 24 გუნდი ოთხ ჯგუფში განაწილდება. თითო ჯგუფიდან მერვედფინალში 4 ნაკრები გავა.
ევრობასკეტი 27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება.
ოთხი ჯგუფის გუნდები ოთხ ქვეყანაში განაწილდებიან. კალათები ფიბა-მ ოფიციალურად დღეს გამოაცხადა:
პირველი კალათა: სერბეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი. მეორე კალათა: ლატვია, ლიეტუვა, სლოვენია, საბერძნეთი. მესამე კალათა: იტალია, მონტენეგრო, პოლონეთი, ჩეხეთი. მეოთხე კალათა: ფინეთი, საქართველო, თურქეთი, ისრაელი. მეხუთე კალათა: ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ესტონეთი, შვედეთი. მეექვსე კალათა: დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, პორტუგალია, კვიპროსი.
ერთ ჯგუფს კვიპროსის ქალაქი ლიმასოლი უმასპინძლებს, მეორეს – ფინეთის ქალაქი ტამპერე, მესამეს – პოლონეთის ქალაქი კატოვიცე და მეოთხეს – ლატვიის დედაქალაქი რიგა. მერვედფინალებიდან ყველა გუნდი თავს სწორედ რიგაში მოიყრის.
მასპინძელმა ნაკრებებმა აირჩიეს პარტნიორი ქვეყნები, რომლებიც მათსავე ჯგუფში ითამაშებენ. ფინეთმა – ლიეტუვა, ლატვიამ – ესტონეთი, კვიპროსმა – საბერძნეთი. პოლონელებს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ – სავარაუდოდ, ისლანდიას აირჩევს.
გადაწყვეტილია ისიც, რომ საქართველოს ნაკრები ფინეთში ვერ მოხვდება, რადგან წილისყრისას ჯგუფში სწორედ ფინეთთან იქნება. რჩება სამი ვარიანტი – ლატვია, პოლონეთი და კვიპროსი.
