ფეხბურთი საქართველოში ყველაფერზე ცოტა მეტია – გიორგი კეკელიძე

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, “წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების” დამფუძნებელი, :
ვარშავაში ვარ. მე ვროცლავისკენ მივდივარ. დანარჩენი ყველა გერმანიაში. იმათ ჰგონიათ, რომ მეც მათთან ერთად მივემართები. მე კიდევ უცნაური კაცი ვარ – თუ რამე წმინდა და სანერვიულოა, ოთახში, მარტოს მირჩევნია მასთან ერთად დარჩენა. ფეხბურთი ასეთია.
თან ხომ იცით, რასაც დაეჩვევი, ეგრე აგრძელებ – აბა, სად იყო ჩემს ბავშვობაში სტადიონები და შაბათ-კვირის რიტუალი. ჰოდა, ველაპარაკები ამ ხალხს და ვხედავ, რომ ეს ხალხი ბედნიერია. ამ ხალხს მოგება უნდა, მაგრამ რომ წავაგოთ, დიდი წილი ბედნიერების მაინც მათთან შემორჩება. შეიძლება ზოგმა ცხოვრებას მოაკლო – თავი არ დაზოგა და ფული დაზოგა. და აჰა, ახლა თვითმფრინავს ელიან. ფრენა გადაიდო. ჩვენებური ამბები ხშირად გადაიდება ხოლმე. ფეხბურთის ამბებიც ხომ იმაზე უფრო გადაიდო, ვიდრე გვეკუთვნოდა. და, აი – მოვიდა. თვითმფრინავიც მოვა. და ეს ხალხი მალე სტადიონზე იქნება. იქ, სტადიონზე, ორი საათით ყველაფერი წაიშლება და დარჩება მხოლოდ ერთი საქართველო. ორი საათი – მაგრამ მაინც. იმიტომ, რომ ფეხბურთი საქართველოში ყველაფერზე ცოტა მეტია. არ ვიცი რა არის კიდევ ასეთი – წესით პოეზია უნდა იყოს, მაგრამ ახლა, მგონი, მარტო ფეხბურთი. ჰოდა, ამ მეტობისთვის ითამაშეთ ეროვნული ნაკრები დღეს ყველა სახლში, ყველა ფიქრში, ყველა ხმაში ერთი ტონით მეტი იქნება.