8 მარტს, სფფ-ის ვაკის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე ახალი პროექტი – “ფეხბურთი გვაერთიანებს – Football Unites, დაიწყო. ფესტივალში, რომლითაც ახალმა პროექტმა აიღო სტარტი, 70 დევნილი და ლტოლვილი ბავშვი მონაწილეობდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) მხარდაჭერითა და “UEFA Football and Refugees Grant -ის დაფინანსების ფარგლებში ხორციელდება.
პროექტი „ფეხბურთი გვაერთიანებს – Football Unites“ განსაკუთრებულია და იგი სპეციალურად დევნილი და ასევე საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ლტოლვილი ბავშვებისათვის შეიქმნა. მისი მთავარი მიზანია, რომ სპორტის და ფეხბურთის მეშვეობით მოხდეს ბავშვების ინტეგრაცია,
ხელი შეეწყოს მათი ნიჭისა და უნარების გამოვლენასა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარაზაციას.
პროექტის ფარგლებში, 9 დან 15 წლამდე ასაკის დევნილებსა და ასევე, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ლტოლვილ ბავშვებს, მთელი წლის განმავლობაში, თბილისსა და ქუთაისში, უფასო რეგულარულ საფეხბურთო ვარჯიშებს ლიცენზირებული მწვრთნელები ჩაუტარებენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად პროექტს განახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანსაღი და ნათელი მომავლისთვის“.
პროექტში ლიცენზირებული მწვრთნელებთან ერთად ჩართულნი არიან, სპორტული ფსიქოლოგები, მონიტორინგისა და შეფასების სპეციალისტები, რომლებიც ერთად მუშაობენ ბავშვების სრულფასოვანი განვითარებისთვის.
მანამდე კი, 8 მარტს გამართულ საფეხბურთო ფესტივალში, გოგოებმა და ბიჭებმა თავიანთი ძალები მეგობრულ შეჯიბრებაში მოსინჯეს და რამდენიმე საათი საფეხბურთო მოედანზე გაატარეს. დასასრულს, პროექტის მონაწილეებმა საქართველოს საფეხბურთო ფედერაციისაგან და მისი განსაკუთრებული პარტნიორისგან, კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასგან სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს, ხოლო მაკდონალდს საქართველო ბაშვებს ყველასთვის საყვარელი მაკმენიუთი და დესერტებით გაუმასპინძლდა.
GFF.GE
