ფეხბურთელების დახვედრის ღონისძიებაზე კობახიძის სცენაზე გამოჩენას შეძახილები მოჰყვა

თავისუფლების მოედანზე, სადაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართა, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სცენაზე გამოჩენას იქ შეკრებილი აუდიტორიის მხრიდან ნეგატიური შეძახილები მოჰყვა.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მიულოცა ნაკრებს და მათი ღირსების ორდენით დაჯილდოვებამდე, სცენაზე პრეზიდენტი მიიწვია. მ მისი წარდგენისას არ თქვა “პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი” და იგი მხოლოდ სახელით და გვარით მოიხსენია.
“გილოცავთ ყველას, გილოცავთ უდიდეს წარმატებას, უდიდეს სიხარულს, რომელსაც ევროპაში უწოდეს ქართული სასწაული. ვიდრე ჩემს სათქმელს ვიტყვი, მინდა, ვთხოვო სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც სურს ბიჭების დაჯილდოვება ღირსების ორდენებით”, – თქვა მ შეძახილების ფონზე და მიკროფონი მაშინვე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გადასცა, რომელსაც ტაშით შეხვდნენ.
“სასწაულია დღევანდელი დღე. მე ასეთი საქართველო მინდა – გახარებული ამ ბიჭების სასწაულით, მაგრამ სასწაული ასე არ მოდის, ეს არის შრომა, თავდადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდირობა, ქვეყნის სიყვარული და ეს ყველაფერი ერთად ამათ ისე აქვთ შერწყმული, მიაღწიეს მიუღწეველს. მათ ძალიან დიდი მადლობა, თქვენ ძალიან დიდი მადლობა მათი გულშემატკივრობისთვის”, – თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას, რის შემდეგაც მან ნაკრების წევრებსა და სამწვრთნელო შტაბს ღირსების ორდენი გადასცა.
დაჯილდოვების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისევ დაიბრუნა მიკროფონი, ისევ მიულოცა ნაკრებს და თქვა, რომ რამდენიმე წელიწადში ბიჭები ითამაშებენ ახალ, “სუპერთანამედროვე სტადიონზე”. კობახიძის მეორე გამოსვლის დროს, აუდიტორიის მხრიდან კვლავ ნეგატიური შეძახილები ისმოდა.
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდნენ. მათ ჭავჭავაძე-მელიქიშვილი-რუსთაველის გამზირი ღია ავტობუსით გაიარეს. გულშემატკივრების ნაწილი ნაკრების წევრებს გზად, სიმღერითა და შეძახილებით ეგებებოდა. ზოგიერთ მათგანს საქართველოს დროშები ეჭირა და ეროვნული ნაკრების მაისური ეცვათ.
საფეხბურთო ნაკრები თბილისში 2 ივლისს, დილით ჩამოვიდა, თუმცა თბილისის აეროპორტში დილის 07:00 საათიდან შეკრებილი გულშემატკივარი მათ ვერ შევხდა. ფეხბურთელები VIP, ე.წ. სამთავრობო, გამოსასვლელიდან ავტობუსით გაიყვანეს.
საქართველოს ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს 30 ივნისიდან, მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებთან დამარცხების (1:4) შემდეგ გამოეთიშა. თუმცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა, რადგან პირველად მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატში, ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალშიც გავიდა და 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ