ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში საერთაშორისო ფესტივალის ,,ღამის სერენადები” ფარგლებში, 22 აგვისტოს, მსოფლიო კინოს ლეგენდის ენიო მორიკონესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
„მორიკონე – კინოს ლეგენდა” – ასე ერქვა საღამოს, რომელმაც გენიალური კომპოზიტორის შემოქმედების ერთგული მსმენელი გააერთიანა. პირველად საქართველოში ცნობილმა მესაყვირემ ნელო სალცამ (საყვირი, იტალია), რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა ენიო მორიკონესთან, დიდი მაესტროს უკვდავი მუსიკა გააცოცხლა და მსმენელს მათი მრავალწლიანი თანამშრომლობისა და დაუვიწყარი თემების შექმნის ისტორიის შესახებ უამბო. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ სოფო ხალვაში – ვოკალი, საქართველო; გიორგი შიოლაშვილი – ფორტეპიანო,საქართველო; ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“.
საკონცერტო პროგრამაში გაერთიანდა ენიო მორიკონეს მუსიკა კინოფილმებისთვის: “ერთხელ ამერიკაში” (1984), “სიცილიური კლანი” (1969), “ეჭვგარეშე მყოფი მოქალაქის საქმის გამოძიება”(1970), “კალიფა”(1970), “მალენა”(2000), “ერთხელ ველურ დასავლეთში”(1968), “ახალი კინოთეატრი პარადიზო”(1988), “ლეგენდა პიანისტზე” (1998).
ელისო ბოლქვაძე – აჭარის კულტურის მინისტრი:
-ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ბათუმში დაიწყო “ღამის სერენადები”, რომელიც წლებია აბედნიერებს მსმენელს. ეს არის სრულიად განსხვავებული ფესტივალი, იმიტომ რომ მისი დამაარსებელი და ხელმძღვანელი წლების განმავლობაში იყო ლეგენდარული ქალბატონი, მუსიკოსი და მევიოლინე ლიანა ისაკაძე, რომლის სულიც ჩვენთან ერთად იყო, რომელიც გვაერთიანებს, რომელიც არის სრულიად განსაკუთრებული ფენომენი და მის ფესტივალს უნდა ჰქონდეს ძალიან დიდი გზა, “ღამის სერენადებმა” კიდევ ბევრი წელი უნდა იარსებოს.
ნელო სალცა, მესაყვირე:
-განსაკუთრებული ქიმია იყო ჩვენსა და მსმენელს შორის. აღფრთოვანებული ვარ ასეთი არაჩვეულებრივი პუბლიკით, ემოციებს ვერ ვმალავ. დიდი მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს მოწვევისთვის. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ შევხვდებით.
გიორგი ისაკაძე, “ღამის სერენადების” სამხატვრო ხელმძღვანელი:
-22 აგვისტოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში შედგა ბათუმის პირველი კონცერტი, ეს იყო გახსნითი კონცერტი, სადაც გაიმართა პრემიერა. კონცერტი მიეძღვნა ლეგენდარულ კომპოზიტორს ენიო მორიკონეს და მის უკვდავ შემოქმედებას. საქრთველოში სპეციალური მოწვევით ჩამოვიდა გამორჩეული მუსიკოსი ნელო სალცა. მან განაცვიფრა და აღაფრთოვანა მსმენელი შესანიშნავი ჰარმონიებით. კონცერტში ასევე მონაწილეობა მიიღო ფესტივალის საბაზო ორკესტრმა “საქართველოს ვირტუოზები“, მომღერალმა სოფო ხალვაშმა, ახალგაზრდა პიანისტმა გიორგი შიოლაშვილმა, რომელმაც დახვეწილი ფრაზირებით და მუსიკის ღრმა წვდომით მოხიბლა მსმენელი. კონცერტის დასასრულს დამსწრე საზოგადოებამ ბრავოს შეძახილებითა და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა მონაწილეები.
ფესტივალის ფარგლებში მეორე კონცერტი “ვივალდის ციებ-ცხელება” ბათუმში 24 აგვისტოს გაიმართება. მსმენელის წინაშე წარსდგებიან ბაროკოს მუსიკის ვარსკვლავები ანდრეს გაბეტა – ვიოლინო/დირიჟორი და მორის შტეგერი – ბლოკ-ფლეიტა, შვეიცარია; ვირტუოზული შესრულებით, ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“; სპეციალური მოწვევით – მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, იტალია. შესრულდება ანტონიო ვივალდის – ფლეიტის კონცერტი სოლ მინორი, RV439 „ღამე“; ფლეიტის კონცერტი რე მაჟორი, RV 428 „Il Gardellino“; ფლეიტის კონცერტი სი-ბემოლ მაჟორი, RV 375; სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი, RV 208 „Grosso Mogul“; სავიოლინო კონცერტი დო მაჟორი, RV 190; კონცერტი ლა მინორი, თხზ.3 №8, RV522.
