“ფესტივალი რეაგირებს ყველა მოვლენაზე, რაც ხდება” – როგორ იქნება Open Air-ის სპეციალური გამოშვება?

„მწვანე ოთახი და გიული ჩოხელი“, მერაბ სეფაშვილი და ჯგუფი „არა“, „თამადა“ და გიორგი უშიკიშვილი – ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ კოლაბორაციების, რომელიც მსმენელს 24-25 მაისს, „Lisi Wonderland“-ის ტერიტორიაზე, Tbilisi Open Air-ის სპეციალურ გამოშვებაზე დახვდება.
Tbilisi Open Air-ის წლევანდელი გამოშვება იმით არის გამორჩეული, რომ ე.წ. ლაინაფი სრულად ქართველი არტისტებით დაკომპლექტდა.
„წლევანდელი Open Air-ი საინტერესო იქნება. ჩვენ, მუსიკოსებმა შევძელით იმის ჩვენება, რომ მიუხედავად იმისა, რომ სრულიად განსხვავებული ჟანრის და ინტერესების ხალხი ვართ, გავერთიანდით. ერთიანობა შესაძლებელია. ეს კარგი მაგალითი უნდა იყოს პოლიტიკოსებისთვის და საზოგადოებისთვისაც“, – ამბობს ვახო ბაბუნაშვილი Tbilisi Open Air-ის დამფუძნებელი ფესტივალის სპეციალური გამოშვების კომენტირებისას.
ამასთან, როგორც მუსიკოსმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში აღნიშნა, „წლევანდელი, Tbilisi Open Air-ის მხოლოდ გასართობი ადგილი არ იქნება – ეს იქნება ერთმანეთის გაძლიერების ფესტივალი“.
„სპეციალური გამოშვება დავარქვით ამ ფესტივალს, რადგან ბუნებრივია, ფესტივალი ცოცხალი ორგანიზმია და ის რეაგირებს ყველა მოვლენაზე, რაც ქვეყანაში ხდება ნებისმიერი მიმართულებით; ჩვენც ვერ დავრჩებოდით ასე უბრალოდ, რომ თითქოს არაფერი ხდება და „მოდი, სამი დღე შევიკრიბოთ და გავერთოთ“, რადგან თითოეულ ჩვენგანს ეხება ის, რაც ხდება რუსთაველის გამზირზე, რაც ხდება ქვეყანაში პოლიტიკური ეკონომიკური თუ უსამართლობის თვალსაზრისით;
მთელ ამ პროცესში ძალიან დაზარალდა სახელოვნებო სფერო, მუსიკოსები, რადგან როცა ქვეყანაში არაა სტაბილურობა და სამართალი, რთულია სხვა რამეზე საუბარი, მათ შორის კონცერტებზე. ქვეყანაში სულ სხვა განწყობაა და ეს აისახა კულტურის სფეროზეც. გადახედეთ, ბოლო რამდენიმე თვეში, შარშანდლიდან მოყოლებული რამდენი ფესტივალი დაიხურა და გაუქმდა?! მაგალითად: 4GBC არაა, ფესტივალი „ეზო“ აღარაა… ეს ფესტივალები უბრალოდ გასართობი ხომ არაა?! ესაა ჩვენი თანამედროვე კულტურის ნაწილი და შეიძლება ვიღაცას არ მოსწონს ესა თუ ის ჟანრი, მაგრამ ეს თანამედროვე კულტურის ნაწილია.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ მივცემდით ჩვენს თავს უფლებას, რომ ჩამოგვეყვანა კარგი მუსიკოსები უცხოეთიდან და შეგვექმნა უბრალოდ კარგი განწყობა და კარგი გასართობი ადგილი, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენ, ვისაც გვეხება ის, რაც ხდება ქვეყანაში და განვიცდით ამ ყველაფერს, შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ყველა მუსიკოსისთვის მიგვეცა საშუალება, რომ Tbilisi Open Air-ზე მაინც დაეკრათ“, – განაცხადა ვახო ბაბუნაშვილმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ Tbilisi Open Air-ის წლევანდელი, სპეციალური გამოშვება თანადგომას უცხადებს მუსიკალური და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს და ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება თანამედროვე ხელოვნების და კულტურის ფონდსა და საქართველოს მუსიკოსთა პროფესიულ კავშირში. ასევე, ბილეთების შეძენისას, სურვილისამებრ, შეძლებთ ამ ორგანიზაციებისათვის დონაციის გაღებას.