ფეროშენადნობი ქარხნები დადგმული სიმძლავრეების დაახლოებით 40%-ს იყენებს, სადაც დიდი წილი ზესტაფონის ქარხანას უჭირავს – CM Trading

ფეროშენადნობი ქარხნები დადგმული სიმძლავრეების დაახლოებით 40%-ს იყენებს, სადაც დიდი წილი ზესტაფონის ქარხანას უჭირავს – CM Trading
ფეროშენადნობების ბაზარზე კრიზისი გრძელდება. არსებული ინფორმაციით, 2025 წლის 10 თვეში ქვეყნიდან ფეროშენადნობების ექსპორტი თითქმის 44%-ით, 175 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
სფეროში არსებულ ვითარებაზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში CM Trading-ის დამფუძნებელმა მერაბ ლომინაძემ ისაუბრა.
როგორც მერაბ ლომინაძე განმარტავს, დარგს ციკლურობა ახასიათებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფასები იზრდება, შემდეგ სტაბილურდება, მცირდება და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, მისი ინფორმაციით, ბოლო 2-3 წელი ფასების შემცირების ციკლი გრძელდება, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
„ამ სტადიის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რა სტრატეგიას აირჩევს სახელმწიფო დარგის მიმართ. მაგალითად, როგორიც არის ინდოეთი თუ აზიის რიგი ქვეყნები, პირდაპირ ეხმარებიან დოტაციებით, რაც ამავე ქვეყნების წარმოებულ პროდუქციას პრობლემებს უქმნის დასავლურ ბაზრებზე. კერძოდ, ინდური საქონელი კატასტროფულად ანტიდემპინგით იბეგრება როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში. ჩვენს შემთხვევაში სწორი და მართებული იყო ის, რომ დარგის პირდაპირი ინტერვენცია და სუბსიდირება არ მომხდარა. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ დარგის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული შეღავათების დაწესება. მაგალითად, შეიძლება მოხდეს გარკვეული ვალდებულებების გადავადება, არა გაუქმება, არამედ – გადავადება, ვიდრე კომპანიებში ჯანსაღი ფინანსური მდგომარეობა არ აღდგება“, – ამბობს ბერამ ლომინაძე.
მისივე ინფორმაციით, უშუალოდ ფეროშენადნობების სფეროში დაახლოებით 10 ათასი ადამიანია დასაქმებული, სხვადასხვა სპეციალისტების გათვლით კი დარგი დამატებით 40 ათას სამუშაო ადგილს ქმნის. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ბაზრის კრიზისის ფონზე დარგს სახელმწიფომ დახმარება აღმოუჩინოს.
„საქართველოში, ამ დარგში, რეგისტრირებულია 20-მდე კომპანია, თუმცა, სამწუხაროდ, ოპერირებს მხოლოდ 4. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ოთხეულში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა შედის, დადგმული სიმძლავრეების გამოყენების დაახლოებით 40%-ზე ვართ ასული, რაც ნიშნავს დაკარგულ ექსპორტს, დაკარგულ სავალუტო შემოდინებებს, დაკარგულ სამუშაო ადგილებს და ასე შემდეგ“, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.