ფეროშენადნობების სექტორში მოქმედი 20 საწარმოდან დღეს მხოლოდ 3 მუშაობას. დარგობრივი ასოციაციის ინფორმაციით, გაჩერებულია ყველაზე მსხვილი, “ჯორჯიან მანგანეზის” ზესტაფონის ფეროშენადნობის საწარმო, რომელიც პროდუქციის 80%-ს ქმნის და თვის განმავლობაში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს. ამის შესახებ საქართველოს ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნუგზარ კევლიშვილმა “საქმის კურსთან” ისაუბრა.
„მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ფასები ისევ კრიტიკულად დაბალ ნიშნულზეა. რაც შეეხება ფასების მატების პერსპექტივას, ჯერჯერობით სასიკეთო არაფერი ისმის. თან ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიაზე ფასი მაღალია, თვითღირებულება ჩვენს პროდუქციაზე იზრდება და საწარმოების 90% გაჩერებულია.
ამ სექტორში 20-მდე კომპანიაა, მცირე, საშუალო და დიდი. ახლა მუშაობს 3. გაჩერებულია “ჯორჯიან მანგანეზის” ზესტაფონის საწარმო, რომელიც პროდუქციის 80%-ს აწარმოებს. შესაბამისად უმდაბლეს ნიშნულზეა წარმოებაც და ექსპორტიც.
თუ სილიკონმანგანუმზე ფასი გაიზარდა რასაკვირველია, არაფერი დაუდგება წინ, რომ მანგანეზმა დაიწყოს ოპერირება, თუმცა ძნელია ამ პროგნოზის გაკეთება. მათი განცხადებიდან გამომდინარე აპრილის თვეში აპირებენ ოპერირების განახლებას.
„ჯორჯიან მანგანეზი“ საშუალოდ თვეში ნახევარ მილიარდ კვტ/სთ ენერგიას მოიხმარს. რასაკვირველია, მისმა გაჩერებამ გამოიწვია ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება“, – აცხადებს ნუგზარ კევლიშვილი.
გასულ წელს ქვეყნის შიგნით 13,8 ტვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც 2023 წელთან შედარებით 6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. განსაკუთრებით მაღალი ტემპით – 14.1%-ით გაიზარდა პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარება. პირდაპირი მომხმარებლები ის საწარმოები არიან, რომლებიც დენს პირდაპირი ხელშეკრულებებით, “თელასისა” და “ენერგო- პროს” გვერდის ავლით ყიდულობენ. მსხვილ მომხმარებლებს შორის პირველ ადგილზე “ჯორჯიან მანგანეზია”, რომელმაც გასულ წელს 775 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, 11%-ით ნაკლები ვიდრე წინა წელს. ეს აიხსნება იმით, რომ ჰოლდინგში შემავალი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა დროებით გაჩერებულია.
საინვესტიციო ბანკი G&T ელექტროენერგიის შიდა მოხმარების ზრდას კრიპტო-მაინინგ და მეტალურგიის სექტორების გააქტიურებით ხნის, რაც მათი შეფასებით, საერთაშორისო ბაზრებზე კრიპტო აქტივებისა და ფეროშენადნობების ფასების ზრდამ გამოიწვია.
2024 წელს საქართველოში კრიპტოვალუტების მაინინგის სექტორი მკვეთრად გაიზარდა. სემეკის მონაცემებით, ამ სფეროში მოქმედმა კომპანიებმა გასულ წელს 465 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც წლიურად 6-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია და აღემატება, როგორც ფოლადის საწარმოების, ასევე რკინიგზის მოხმარებას.
სამრეწველო საწარმოებში კი ელექტროენერგიის მოხმარება შემცირებულია. 11%-იანი კლებაა “ჯორჯიან მანგანეზისა” და ზესტაფონის ფეროშერნადნობთა ქარხნის შემთხვევაში, 4%-ით ნაკლები ენერგია მოიხმარა რუსთავის აზოტმა და ჯეოსთილმა, 23%-ით შემცირდა შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას მიერ მოხმარება, 10%-იანი კლებაა დატაჰაბის შემთხვევაში.
ჯორჯიან მანგანეზმა ფეროშენადნობის ქარხნის გაცერების გადაწყვეტილება გასული წლის ნოემბერში მიიღო. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 2024 წლის პირველი ნოემბრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე დროებითი მართვის რეჟიმი მოქმედებს. სრულად გაითიშა საწარმოო სიმძლავრეები და შეჩერდა ფეროშენადნობების წარმოების პროცესი.
გადაწყვეტილების მიზეზი მსოფლიო ბაზარზე სილიკომანგანუმზე ფასების მკვეთრი ვარდნა და მოთხოვნის შემცირება გახდა, რაც უკვე ორი წელია გრძელდება. კომპანიის ცნობით, გართულებულ პირობებს თან დაერთო მადნის დეფიციტი.