ფეროშენადნობების ექსპორტში კლება ნარჩუნდება, თუმცა ბაზარზე მცირედი გამოცოცხლებაა. 2024 წლის 2 თვეში საექსპორტო ბაზრებზე საქართველოდან 42 მლნ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა, წლიურ ჭრილში კლება 41%-ია. იანვარში ექსპორტმა 19.4 მლნ დოლარი შეადგინა, თებერვალში კი, 22.67 მლნ დოლარი იყო. ჯამში 2 თვეში ექსპორტზე 42 ათას 310 ტონა ფეროშენადნობები გავიდა. საშუალო ფასი კი, 980-1000 დოლარის დიაპაზონში იყო.
დარგობრივი ასოციაციის შეფასებით, სექტორი უმძიმესი მდგომარეობიდან მძიმე მდგომარეობაში გადავიდა. მიზეზი წითელი ზღვის კრიზისის ფონზე ევროპის ბაზარზე ფეროსილიკომანგანუმზე გაზრდილი ფასია.ნუგზარ კევლიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ფეროშენადნობები ევროპულ ბაზარზე 1200-დან 1250 დოლარის ფარგლებში ივაჭრება.
„გამოცოცხლება არის სფეროში, გაიზარდა ექსპორტი პირველ ორ თვეში, მაგრამ ეს გამოწვეულია იმით, რომ წითელ ზღვაში განვითარებული მოვლენების შედეგად ლოგისტიკა აირია, ინდოეთიდან ჩვენმა კონკურენტებმა ვერ მოახერხეს დროულად ევროპაში ფეროსილიკომანგანუმის მიწოდება და მცირე პანიკა იყო ბაზარზე. გაჩნდა მოთხოვნა ქართულ ფეროშენადნობებზე და განხორციელდა ექსპორტი. შემდეგ ეს ლოგისტიკური პროცესები დალაგდა, თუმცა გზა გაძვირდა დაახლოებით 200 დოლარით, რამაც ევროპაში ჩატანილი პროდუქციის ფასის ზრდა გამოიწვია, ამან საშუალება მისცა რიგ მეწარმეებს, რომ გაერისკათ და აემოქმედებინათ საწარმოები. ფასი მხოლოდ ევროპაში გაიზარდა, ამერიკაში და ჩინეთში ფასი არ შეცვლილა.
უმძიმესი მდგომარეობიდან მძიმე მდგომარეობაში გადავიდა დარგი და ამაზე რაიმე გათვლის გაკეთება წარმოუდგენელია“,- აცხადებს ნუგზარ კევლიშვილი.
წლის პირველ 2 თვეში ფეროშენადნობების მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთი იყო, სადაც 18.8 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, მეორე ადგილზეა ეგვიპტე – 8.5 მლნ დოლარით ხოლო მესამეზე უკრაინა – 2.9 მილიონით. ხუთეულში შედის რუსეთი – 2.4 მლნ და იტალია – 1.7 მლნ. წელს საექსპორტო ბაზრებს შორის არ გვხვდება აშშ, რომელიც ქართული ფეროშენადნობების ერთ-ერთი მთავარი ბაზარია. 2023 წელს აშშ-ში 69 მლნ დოლარის პროდუქცია გადაიტვირთა. ექსპორტი მცირე მოცულობით მაინც ხორციელდება რუსეთში,სადაც გასულ წელს ქართულ ფეროსილიკომანგანუმზე საბაჟო გადასახადი ამოქმედდა.
ნუგზარ კევლიშვილი აცხადებს, რომ ზოგიერთ კომპანიას საბაჟო გადასახადის პირობებშიც რუსეთში ექსპორტი მაინც უღირთ.
„გარკვეულ კომპანიებს უღირთ რუსეთში ექსპორტი, იქაც გარკვეული დეფიციტი შეიქმნა შიდა წარმოების შენადნობებზე და გაჩნდა მოთხოვნა. მოთხოვნის გაჩენასთან ერთად მიმზიდველი ფასი იყო, რომ ქართულ კომპანიებს უღირდათ ექსპორტი გაეკეთებინათ. 1250-1300 დოლარი ღირს იქაც ფეროსილიკომანგანუმი, დიდი ბაზარია და ზოგ კომპანიას უღირს იქ ექსპორტი“,- აცხადებს ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელი.