“ფერმერს ადგილობრივი ბაზრის მომარაგება არ უღირს, ურჩევნია, რომ საქონელი ექსპორტზე გაიყვანოს” – ფერმერი

ფერმერი ბექა გონაშვილის შეფასებით, ბოლო წლებში საქართველოში ხორცის მოხმარება და მოთხოვნა საგრძნობლად გაზრდილია, თუმცა ადგილობრივი წარმოება ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. საკითხზე “აგროქიზიყის” ხელმძღვანელმა BMG-სთან ქართული ხორცის წარმოების ბაზრის გამოწვევებზე საუბრისას გაამახვილა ყურადღება.
ფერმერი მთავარ პრობლემად ქვეყნიდან ახალგაზრდა საქონლის რეალიზებას ასახელებს და აღნიშნავს, რომ ამ პირობებში ადგილობრივი მოთხოვნა იმპორტით კმაყოფილდება.
“ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნა იმითაა გამოწვეული, რომ გასასუქებელი საქონელი არ არის. უკვე წლებია ახალგაზრდა საქონლის ექსპორტი აზერბაიჯანსა და ერაყში ხდება.
ადგილობრივი ფერმერისთვის ცოცხალი საქონლის ექსპორტზე გატანა უფრო მოგებიანია, რადგან იქ მეტ ფასს იხდიან. ძირითადად გადაყვანა მანქანებით ხდება, ტრანსპორტირება ისეთი ძვირი აღარ ჯდება, როგორც ადრე იყო, როცა თვითმფრინავით გადიოდა, შესაბამისად, ხარჯებიც ნაკლებია, შესაბამისად აღარ უღირს, რომ ადგილობრივი ბაზარი მოამარაგოს.
როგორც ახალგაზრდა საქონლის, ისე ნედლი ხორცის იმპორტიც დან და უკრაინიდან ხდება. ის შედარებით დაბალი საფასო კატეგორიისაა. იმპორტიც რომ არ იყოს, ქართული ხორცის ფასი საგრძნობლად მაღალი იქნებოდა, იმპორტი კი ამ ნაწილს აბალანსებს”, – განმარტავს გონაშვილი.
კითხვას – ჰყავს თუ არა საქართველოს იმ სულადობის პირუტყვი, რომ ექსპორტთან ერთად ადგილობრივი ბაზარიც დააკმაყოფილოს, ბექა გონაშვილი პასუხობს, რომ ამ ნაწილში რაოდენობები სრულად საკმარისია, თუმცა ჯიშობრივი და გენეტიკის მხრივ ჩამორჩენა გვაქვს, პირუტყვს სუქების პრობლემა აქვს, შესაბამისად, ის მომხმარებლისთვის სასურველი არაა.