აკვაკულტურის მეურნეობებში კადრების დეფიციტი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. როგორც თევზის მომშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ჩობანიანი BM.GE-სთან აღნიშნავს, ახალგაზრდები ბიზნესის ამ მიმართულებით დაინტერესებულები არ არიან, მიუხედავად იმ პოტენციალისა, რასაც სფეროს საქართველო სთავაზობს.
“კადრებთან დაკავშირებით პრობლემა ჩვენც გვაქვს, ძალიან ცოტა კადრი გვყავს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს კომპეტენციითაა განპირობებული. ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ფერმერები თავიანთ შეცდომებზე სწავლობენ და, სამწუხაროდ, ეს დღემდე ასე რჩება.
გავაკეთეთ კვლევა, რომლიდანაც გამოიკვეთა, რომ ფერმერთა საშუალო ასაკი 60+-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდები ძალიან ნაკლებად არიან ჩართულები ამ საქმეში, მშობლების საქმეს აღარ აგრძელებენ, აღარაა ეს საქმიანობა მათთვის საინტერესო და მომხიბვლელი”, – აღნიშნა ნინო ჩობანიანმა.
კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრისას, ჩობანიანი ამბობს, რომ ეს პრობლემა სახელმწიფო სექტორშიც იკვეთება, რაც, საბოლოო ჯამში, დარგის განვითარებას აფერხებს.
“მოგეხსენებათ, საქართველოში დარგის განვითარების პოტენციალი საკმაოდ დიდია, საკმაოდ ბევრი ბუნებრივი რესურსი გვაქვს ამისთვის. პირველი, რაც გვაფერხებს, განათლების ნაკლებობაა. პირობითად, თუ აუზის კონკრეტულ ფართობში ფერმერს სამი ტონა თევზი მოჰყავს, იგივე რესურსებით, სწორად წარმართული საქმიანობის შედეგად შეიძლება, რომ სამჯერ და ოთხჯერ მეტი თევზი მოიყვანონ. ეს არის ჩვენი პრობლემა და არა მარტო ფერმერებისთვის, სახელმწიფო სტრუქტურებშიც არ არიან სპეციალისტები, არ გვყავს ვეტერინარი, რომელიც თევზის დაავადებებზე იმუშავებს და ა.შ.” – განმარტავს თევზის მომშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი BM.GE-სთან.
სექტორში ცნობიერებისა და კომპეტენციის ამაღლებაზე საუბარია აკვაკულტურის განვითარების 2024-2028 წლების სტრატეგიაშიც. როგორც ნინო ჩობანიანი გვეუბნება, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მიმართულებით უკვე მუშაობს აქტიურად და იგეგმება, რომ დარგის სწავლება პროფესიული კოლეჯებიდან უმაღლეს სასწავლებლებში გადავიდეს.
“სტრატეგიის დოკუმენტში ეს საკითხი განხილულია და უნდა გითხრათ, რომ სამინისტრო სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს, ანუ კვალიფიკაციის ამაღლებაზე როგორც სახელმწიფო სისტემებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, ასევე ფერმერებისთვის. კოლეჯის დონეზე უკვე მოვახერხეთ სასწავლო პროგრამების შემუშავება და დანერგვა და უკვე მიდის მუშაობა, რომ სწავლება საუნივერსიტეტო დონეზეც დაინერგოს.
