გადამზიდავი კომპანიების ნაწილში ამბობენ, რომ ისრაელ-ირანის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე, საჰაერო გადაზიდვები შეფერხებულია, რაც საქართველოდან ექსპორტზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
როგორც BMG-სთან საქართველოში Silkway West Airlines-ის წარმომადგენელ კომპანია OKI Logistics-ის კომერციული დირექტორი აცხადებს, იქიდან გამომდინარე, რომ ისრაელის საჰაერო სივრცე ჩაკეტილია, ამ დროისთვის დიდი მოცულობის ტვირთნაკადი, მათ შორის მოცვის ექსპორტი თელ-ავივის მიმართულებით გაჩერებულია.
„ამ ეტაპზე, ირანთან და ისრაელთან ერთად ერაყის ცაც ჩაკეტილია. მოგვიწია ალტერნატიული მარშრუტის შემუშავება, რადგან ერაყის საჰაერო სივრცის გავლით მოფრინავდა ბორტები. შევეცადეთ, რომ ტარიფები არ გაგვეზარდა და ეს მოვახერხეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ადგილობრივ ექსპორტს ეს ვითარება ძალიან შეეხო. ისრაელის საჰაერო და სახმელეთო გზაც ჩაკეტილია, შესაბამისად ისრაელამდე ფიზიკურად შეუძლებელია ტვირთის გაგზავნა.
ახლა მოცვის სეზონი მოვიდა, ფერმერებს ძალიან დიდი ტვირთნაკადი გაუჩერდათ თელ-ავივის და ისრაელის მიმართულებით, სადღაც 1000 ტონამდე მხოლოდ მოცვი არის “გაჭედილი”. შესაბამისად, ისინი ზარალდებიან, რადგან მოცვი მალფუჭებადი პროდუქტია. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ისრაელი საჰაერო სივრცეს კეტავს, რადგან წარსულს თუ გადავავლებთ თვალს, დაპირისპირებები ხშირად ხდება. შესაბამისად, ჩვენი კომპანია იქნება პირველი, რომელიც საჰაერო სივრცის გახსნის შემდეგ შევასრულებთ ავიარეისებს”, – განაცხადა ლევან ჩხატარაშვილმა.
bm.ge
