„ფერმერები მიწას, ტრაქტორს და კომბაინებს ყიდიან, რომ ბანკის ვალდებულებები დაფარონ“ – ნიკოლოზ ბენიაიძე

„ქვეყანას უნდა მიეღო მილიონი ტონა ხორბალი და დაახლოებით 15% ანუ 150 000 ტონა მივიღეთ, რისი მცირე ნაწილიც ვერ გაყიდეს ფერმერებმა და კვლავ დარჩენილია შარშანდელი მოსავალი“ – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ბენიანიძემ ისაუბრა. მისი თქმით გამომდინარე იქიდან, რომ ფერმერები მოსავალს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ყიდიან კოტრდებიან და უწევთ მიწების გაყიდვა.
„ზოგ ფერმერს უწევს მიწის გაყიდვა, ასევე იაფი კრედიტით ნაყიდ ტრაქტორს კომბაინს და სხვა ტექნიკას ყიდის, რადგან ამ სესხებს ფერმერები ვეღარ ემსახურებიან და ნელ-ნელა კოტრდებიან. ყველას ბანკში აქვს მიწები ჩადებული, რადგან ყველაფერი ვითომ იაფი სესხით ჰქონდათ ნაყიდი, რომელიც მერე გაუძვირდათ.
აქ პრობლემა ის არის, რომ მიწის ფასიც დაცემულია და მყიდველიც ნაკლებად არის, თუ არის ისიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ფერმერებს უცხოელებზე მიწის მიყიდვის კუთხით ჩვენი შეხედულება გვაქვს, არ გვინდა უცხელებზე გაყიდვა, თუმცა ფერმერებს ამის გაკეთებაც უწევთ, ეს არის მიწის გახლეჩა, რადგან ადამიანი მთლიანად ვერ ყიდის, აქ თავის გადარჩენაზეა საუბარი“ – აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
ნიკოლოზ ბენიაიძის შეფასებით იაფი აგროკრედიტი ძალიან კარგი იყო, რადგან ფერმერებმა შეძლეს კომბაინების და ტრაქტორების შეძენა, თუმცა მას შემდეგ როდესაც ქვეყანამ, ბიუჯეტმა და ფერმერებმა ამხელა რესურსი გაიღო, მოხდა მისი შუა გზაზე მიტოვება.
„ყაზახეთის უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ქვეყანას ნამდვილად აქვს იმის რესურსი და საშუალება, რომ 50%-მდე ავიდეს, ჩვენ მასტიმულირებელი ნაბიჯებით 15%-ზე ავედით, სამწუხაროდ ძალიან ბევრი დაუმუშავებელი მიწა იყო , ეს მიწები დამუშავდა, თუმცა შემდეგ ფერმერებს მოუწიათ თავიანთი მიწების და სახლების ბანკში ჩადება და დღეს ან ამ მიწებს ყიდიან ან ეს ფერმერები საზღვარგარეთ არიან წასულები და იქიდან უგზავნიან ოჯახს ფულს. ამ კეთილ საქმეებთან ერთად გაიზარდა ვალდებულებები და ფერმერები შუა გზაში აღმოჩნდნენ მიტოვებული,“ – აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
ბენიაიძის თქმით, ამ ეტაპზე მთავრობასთან აქტიური კომუნიკაცია არ აქვთ, თუმცა მისი თქმით, შესაბამისი ინფორმაცია ყველას აქვს და ასევე იციან თუ რა რაოდენობით და რა ფასად შემოდის ხორბალი.
„პირველი ნაბიჯები გადაიდგა ფქვილზე, ქატოსა და ქერზე დაწესებული საფასურის სახით და ამ ყველაფერმა გარკვეული შედეგი გამოიღო და ფასებში ასახვა ჰპოვა და 40 თეთრიდან 55 თეთრამდე ავიდა, თუმცა ჩვენ წისქვილებთან შეთანხმება 70 თეთრზე გვქონდა, რომელიც ორ კვირაში დაირღვა, ეს იყო თვითღირებულებასთან მიახლოებული ფასი და თვითონ შემოგვთავაზეს, რაზეც დავთანხმდით და ამან ცოტა ხანი იმუშავა, რაც იყო პატარა ბიძგი, რის შედეგადაც ის 10% გაიყიდა. საუბარი გვაქვს 10-15% მოსავლის გაყიდვაზე და წელს ამდენიც აღარ იქნება, იმიტომ რომ ის ფართობები გაიყიდა და თუ ასე გაგრძელდა დარჩება კიდევ დაუმუშავებელი ფართობები.
ჩვენ მილიონი ტონა გვჭირდება და 15%-იც ვერ მოგვყავს და ამ 15%-ის კიდევ 20% გასაყიდია, რაც სადღაც 30 000 ტონაა, წისქვილები არ იბარებენ და თუ იბარებენ ძალიან დაბალი ფასია. ეს ხორბალი უფრო საფურაჟე იყო ამინდის გამო და ეს ფასები ძალიან დაბლა ჩამოვიდა, მოცილებაზე იყვნენ ფერმერები, ზოგს გარეთ უყრია ეს ხორბალი. საცავებშიც კი არ შეაქვთ.“- აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
ბენიაიძის თქმით სექტორი არ ითხოვს სუბსიდიას, პირიქით მათი სურვილია გადასახადის შემოღება, რაც ერთის მხრივ ბიუჯეტში თანხის შეტანას გამოიწვევს, ხოლო მეორე მხრივ ფასი 70 თეთრამდე გაიზრდება.

ასევე დაგაინტერესებთ