ფერმერები „აგრარული რევოლუციის მეორე აქტს“ აანონსებენ

„ფინანსური ნაკადები სუსტია, ამინდის პირობები ცუდია და საბიუჯეტო ცვლილებები ჯერ არ მიგვიღია“, – აღიარა საფრანგეთის სოფლის მეურნეობის ახალმა მინისტრმა, ენი ჟენევერმა, ფერმერული სექტორის მზარდი უკმაყოფილების ფონზე.
სერიოზული გამაფრთხილებელი გასროლიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, ფერმერები კვლავ მოვლენების წინა პლანზე გადმოდიან. ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, სამხრეთ საფრანგეთის რამდენიმე დეპარტამენტსა და ნორმანდიაში მათ მუშტი-კრივი გააჩაღეს, რათა საზოგადოების ყურადღება გაემახვილებინათ იმ სირთულეებზე, რომლებსაც ისინი ჯერ კიდევ აწყდებიან და გაეფრთხილებინათ მთავრობა, რომ მზად არიან, ხელახლა მობილიზდნენ და „აგრარული რევოლუციის მეორე აქტში“ მიიღონ მონაწილეობა.
„ჩვენ ყოველთვის გვინდა, დაპირებები ცოტათი მაინც დავიჯეროთ. მაგრამ ვშიშობ,ძალის დემონსტრირება ამჯერად ბევრად უფრო მასშტაბური იქნება“, – აცხადებს ზემო გარონას „აგროკულტურების ახალგაზრდა მწარმოებლების“ პროფკავშირის გენერალური მდივანი, ტომას კლუნკერი BFMTV-სთან ინტერვიუში. „უფრო მძაფრ დაპირისპირებას უნდა ველოდოთ. ის, რაც გასულ წელს მოხდა, მხოლოდ შესავალი იყო“, – ამბობს 43 წლის ფერმერი რადიოსადგურ Sud Radio-ს ეთერში. „ფრანსინფომ“ დაგროვილი ბრაზის მიზეზებში დეტალურად გარკვევა სცადა.
საფრანგეთის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი, სავარაუდოდ, შეეცდება, სათავეში ჩაუდგეს იმ უამრავი მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებას, რომლებიც საფრანგეთის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის კანონპროექტშია შესული. „ენი ჟენევერისგან ველოდებით, რომ მოქმედების უნარს გამოავლენს და ამას დაუყოვნებლივ გააკეთებს“, – განუცხადა „ფრანსინფოს“ ფერმერთა კავშირის (FNSEA) პრეზიდენტმა, არნო რუსომ, რომელიც ახალ მინისტრს „15-დღიან ვადას“ აძლევს. „მართალია, ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პროგრესს მომავალ ფინანსურ კანონპროექტში, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ზოგიერთი ვალდებულება არ შესრულდა“, – აღნიშნა მან TF1-ზე გამოსვლისას.
„მუშაობა [აგრარული პოლიტიკის კანონზე] პარლამენტის დაშლამდე გრძელდებოდა. მის დაშლასთან ერთად, დებატებიც დასრულდა და სოფლის მეურნეობამ უკანა პლანზე გადაინაცვლა. ჩვენ ჯერ კიდევ ვკვდებით, ამიტომ ან სწრაფად დაიწყებენ მუშაობას, ან აგრარული რევოლუციის მეორე აქტი დაიწყება“, – აღნიშნა ზემო გარონას ფერმერთა ასოციაციის ახალგაზრდული დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მატიე მარონეზემ BFMTV-ს ეთერში საუბრისას.
„ბარნიეს მთავრობა მუშაობის დაუყოვნებლივ განახლებაზე საუბრობს. მაგრამ სიტყვაში „დაუყოვნებლივ“ ჩვენ მომდევნო რამდენიმე დღეს ვგულისხმობთ და არა 2025 წლის იანვარს!“, – განაცხადეს ფერმერთა კავშირის წარმომადგენლებმა იმავე ეთერში. „ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ ქვეყანაში შიში, შფოთვა და ტანჯვა სუფევს“, – აღნიშნა ამის საპასუხოდ სოფლის მეურნეობის მინისტრმა. „ფერმერების ხაზინა სუსტია, ამინდის პირობები ცუდია და საკანონმდებლო ცვლილებები ჯერ არ მიგვიღია“, – დასძინა მან და შეეცადა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ „ყველა ზომა დაცული იქნება“.
ჟენევერს ესმის, რომ ფერმერთა პროტესტის ტალღა მომავალში უფრო მასშტაბური იქნება. თანაც, ეს იქნება არა მხოლოდ ფრანგული, არამედ საერთო ევროპული რისხვა. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს France 2-ის გადაცემა 20 Heures-თან ინტერვიუში ჯერომ ბაილი, რომელიც გასულ ზამთარში საპროტესტო მოძრაობის სათავეში იდგა. „თუ ევროკავშირი სწრაფ რეაგირებას არ მოახდენს, არსებობს საერთო ევროპული ბლოკადის რისკი“, – აფრთხილებს მმართველ ელიტას ბაილი.
საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგვისტოში გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ხორბლის წლევანდელი მოსავალი იქნება „ერთ-ერთი ყველაზე მცირე, ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში“. ამის მიზეზი უამინდობაა, რამაც სხვა კულტურებზეც იმოქმედა, როგორიცაა, მაგალითად, ქერი და რაფსი.
„ცუდი კლიმატური პირობები 2023 წლის ოქტომბრიდან გრძელდება, ნალექი ყოველწლიურ ნორმაზე 50-60%-ით მეტი მოდის, ხოლო 2024 წლის სექტემბერი ყველაზე წვიმიანი თვე იყო ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში“, – დაიჩივლა „ფრანსინფოსთან“ ფერმერთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, ლუკ სმესერტმა. მისი თქმით, განსაკუთრებით დაზარალდნენ მესიმინდეები და მევენახეები. „ცუდი მოსავალი გვქონდა, ყურძნის ცუდი მოსავალი… მევენახეობაში 22-23 პროცენტიანი ვარდნა გვაქვს“, – ამბობს ის.
„სიმინდი, ჭარხლის, მზესუმზირის და სხვა საშემოდგომო კულტურების მოუსავლიანობის გამო კომპენსაციის გადახდას არ ვაპირებთ“, – აღნიშნა სმესერტმა.
კიდევ ერთი პრობლემაა საშემოდგომო ხორბლის დათესვა: წელს, ჩვეულებრივი 50%-ის ნაცვლად, მხოლოდ 5-10% დაითესება. იგივე ეხება სიმინდისაც.
„ცხვრის კატარალური ცხელება“ (Bluetongue), რომელიც ბოლო თვეებში ევროპასა და საფრანგეთში მძვინვარებს, პირუტყვს დიდ ზიანს აყენებს. ეს დაავადება საფრანგეთში, ძირითადად, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ ფერმებში გავრცელდა. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, მიშელ ბარნიემ, კრიზისის დასაძლევად და დაზარალებული მეცხვარე ფერმერების დასახმარებლად, 75 მილიონი ევროს გამოყოფა დააანონსა. „ეს თანხა არასაკმარისია“, – აღნიშნა ფერმერთა კავშირის ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარემ, იანიკ ფიალიპმა „ფრანსინფოსთან“ საუბრისას.
ვაქცინაციას ცხვრის ფარის დაცვა შეუძლია, მაგრამ საფრანგეთში ვაქცინის დეფიციტია. „ჩვენ არ გვაქვს ლაბორატორია, რომელსაც საჭირო ვაქცინების მიწოდება შეუძლია“, – აღიარა საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა 9 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე. „ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის სანიტარიულ ავტონომიას“, – დასძინა ენი ჟენევერმა, რომელმაც„სიტუაციის უკეთ პროგნოზირებისთვის, ევროპულ სტრატეგიის გაცნობის“ სურვილი გამოთქვა.
„ლაქტალის ჯგუფი“, რომელიც მსოფლიოში პირველ ადგილზეა რძის პროდუქტების წარმოების კუთხით, აცხადებს, რომ 2024 წლის ბოლოდან ფრანგული ფერმებიდან რძის შეძენას დაახლოებით 9%-ით შეამცირებს. აღმოსავლეთ საფრანგეთსა და ვანდეას რეგიონში არსებული დაახლოებით 300 ფერმა, რომელთა დიდ ნაწილს, ხშირად, რამდენიმე პარტნიორი მართავს, თავის პროდუქციას „ლაქტალისს“ ვეღარ მიაწვდის.
ფრანგი მერძევეებისთვის ეს „დამანგრეველი დარტყმაა“. „მწარმოებლების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ უპატივისმცემლობაზე მიუთითებს. „ლაქტალისმა“ გვიღალატა“, – ამბობს დე-სევრის რეგიონში არსებული ფერმის მენეჯერი, ეტიენ მორინი.
„ლაქტალსის“ გადაწყვეტილების საპასუხოდ, მორინმა ფრანგებს ადგილობრივი რძის მწარმოებელი ფერმერების მხარდაჭერისა და სოლიდარობისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრენდის ერთი კოლოფი რძე, საშუალოდ, 8 სანტიმით მეტი ღირს, ვიდრე მისი კონკურენტების, მათი რეალიზება მწარმოებელს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.
თავის მხრივ, დასავლეთ საფრანგეთში არსებულმა „LSDH ჯგუფმა“ გამოთქვა მზადყოფნა, ითანამშრომლოს 300 ფერმიდან დაახლოებით 50-თან, რომლებიც მალე „ლაქტალისგან“ შემოსავლებს ვეღარ მიიღებენ. „ლაქტალის“ მიერ მიტოვებული რძის მწარმოებლების ფერმების ნაწილი შოლეში არსებული ჩვენი რძის გადამამუშვებელი ქარხნის სიახლოვეს მდებარეობს“, – აცხადებს „LSDH ჯგუფის“ თავმჯდომარე, ემანუელ ვასენეი. მისი შეფასებით, ის შეძლებს წელიწადში „50-დან 60 მილიონ ლიტრამდე“ რძის ჩაბარებას, მაშინ როდესაც „ლაქტალისი“ საფრანგეთში რძის შესყიდვას დაახლოებით 450 მილიონი ლიტრით ამცირებს.
წყარო: 1 არხი