„ფეიკ“კომპანიებით ბაზარზე ხელოვნური კონკურენციაა შექმნილი. ესენი ძირითადად, არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენები არიან, რომლებისთვისაც ამომავალი წერტილი სახელმწიფო ტენდერების მოგებაა- ნიკოლოზ ალავიძე

„ფეიკ“კომპანიებით ბაზარზე ხელოვნური კონკურენციაა შექმნილი. ესენი ძირითადად, არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენები არიან, რომლებისთვისაც ამომავალი წერტილი სახელმწიფო ტენდერების მოგებაა- ნიკოლოზ ალავიძე
2024 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული 1 058 449 ბიზნესს სუბიექტიდან 72.2% არ მუშაობს.
საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, აქტიური ბიზნესების რაოდენობამ მხოლოდ 294 755 შეადგინა, რაც სრული წილის 27.8%-ია.
სტატისტიკის მიხედვით, პროცენტულად, ყველაზე მეტი რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტი არ ფუნქციონირებს ექსტრატერიტორიული ორგანიზაციების, წყალმომარაგების, სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
ყველაზე მეტი აქტიური ბიზნეს სუბიექტი ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროშია რეგისტრირებული.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ბიზნეს ანალიტიკოსის, ნიკოლოზ ალავიძის ინფორმაციით, გაჩერებული ბიზნესების უდიდესი ნაწილი „ფეიკ“ კომპანიებია, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებზე არიან ორიენტირებული.
„ამ სტატისტიკის ნაწილი ძირითადად ის ორგანიზაცებია, რომლებიც 90%-ით დაინტერესებულნი არიან ან მონაწილეობას იღებენ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში, მათ უკან რამდენიმე ადამიანი ან ისეთი ჯგუფები დგანან, რომლებსაც სახელმწიფო ტენდერების მოგება დახელოვნებულ აქვთ. სამწუხაროდ, ის კომპანიები, რომლებმაც ტენდერებში მონაწილეობა მიიღეს ან უკვე გაშავებული არიან, ან სხვადასხვა გადაცდომა აქვთ. მასობრივად ხდება კომპანიების დარეგისტრირება, რათა „ფეიკ“ კომპანიით ხელოვნური კონკურენცია შეიქმნას, შპს კომპანიის დარეგისტრირება კი საქართველოში უმარტივესია.
ძირითადად ეს არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენები არიან, რომლებისთვისაც ამომავალი წერტილი სახელმწიფო ტენდერების მოგებაა. ისინი არანაირ ეკონომიკურ დოვლათს არ ქმნიან, მთლიანად არიან დამოკიდებული იმპორტზე ან ექსპორტზე, რაც კეთილსინდისიერ და ძალიან კარგ ბიზნესს არაკონკურენტულ გარემოში აყენებს.
შესყიდვების კანონს თავისი რეგულაციები აქვს და როდის გადაიხედა ბოლოს, სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს ევროინტეგრაციით გათვალისწინებული რეფორმების ნაწილია, რომელიც ახლა შეჩერებულია და საერთაშორისო სტანდარტებზე ლაპარაკი საეროდ ზედმეტი“,- აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.