საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ ღირსების ორდენებით დაჯილდოების ღონისძიებაში მხოლოდ იმ შემადგენლობით მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც თავდაპირველად იყო წარდგენილი. მათ თქმით, ფეხბურთის მთავარი პრიორიტეტი გუნდურობაა, დაყოფა და წევრების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება კი მიუღებელია.
“ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში გავმართავთ და ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ პერიოდში, ვფიქრობთ, მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ჩვენი გუნდის და ამ სპორტის სახეობის მთავარ პრიორიტეტს, ყოველთვის გუნდურობა წარმოადგენდა. ამ წარმატებამდეც, გუნდურობამ და პროცესში ჩართული თითოეული ადამიანის მონდომებამ, პროფესიონალიზმმა და ერთობლივმა მუშაობამ მიგვიყვანა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სწორედ ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც მოედანზე თუ მოედნის გარეთ წლების განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდნენ ამ მიზნის მისაღწევად. გუნდის წარმომადგენლების დამსახურების დანაწევრება, გუნდურობის პრინციპს არღვევს. ამიტომ, სექტემბერში პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ დაჯილდოების ღონისძიებაში, ჩვენი გუნდი მხოლოდ იმ შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, რომლის თითოეული წევრიც, წარდგენილ სიაში, ამ წარმატებაში საკუთარი წვლილისთვის იყო შეყვანილი”, – წერია ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 13 ივნისს, ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმის შესახებ, რომ ნაკრებისა და ფედერაციის წევრების ღირსების ორდენებით დაჯილდოების ინიციატივას პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი არ გამოხმაურებია.
იქამდე, 27 მარტს, ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან მეორე დღეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ღირსების ორდენზე წარსადგენი 53-კაციანი სია გაუგზავნეს.
კალაძეს იმავე დღეს გამოეხმაურნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და განაცხადეს, რომ შესაბამისი განკარგულება ჯერ კიდევ მაისში გამოიცა. მათ გამოაქვეყნეს 23 მაისით დათარიღებული ორი განკარგულება, სადაც ღირსების ორდენით დასაჯილდოებელთა სიაში, ჯამში 40 ადამიანია მითითებული. ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ დაჯილდოების ცერემონია მაისის ბოლოს იყო დაგეგმილი, თუმცა რადგან ნაკრების წევრები მაგ დროისთვის საქართველოში არ იმყოფებოდნენ, ღონისძიება გადაიდო.
დღეს, 16 ივნისს, კახა კალაძე ისევ გამოეხმაურა საკითხს და განაცხადა, რომ წარდგენილი სიიდან გამოტოვა ის ადამიანები, ვისაც წვლილი აქვს შეტანილი ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში.
კალაძეს ისევ იმავე დღეს უპასუხეს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და განაცხადეს, რომ “ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი პირადად დააჯილდოებს სექტემბერში ორბელიანების სასახლეში”. მათ კალაძის განცხადებები პრეზიდენტის ინსტიტუტისა და პირადად სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასეს.
“ეს არის მავნებლური საქციელი, რითაც ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ. ყველანაირი სპეკულაცია აქტებსა თუ განკარგულებებზე არის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა.
სირცხვილია, როცა ეს ხდება ასეთი ისტორიული მატჩის წინ. ახლა ჩვენი ფეხბურთელების ირგვლივ უნდა სუფევდეს ხალხის ერთობა და საზეიმო განწყობა, მათ სჭირდებათ მთელი ქვეყნისგან, ყველა ინსტიტუტისგან თანადგომა და გამხნევება. ეს ერთობა არსებობს და ვერანაირი მდაბიო მცდელობა ამას ვერ შეარყევს”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.