ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმპორტზე გლობალური ტარიფების დაწესებით უფლებამოსილებას გადაამეტა და ტარიფები უნდა დაიბლოკოს. ეს გადაწყვეტილება 28 მაისს მიიღო მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებს განიხილავს.
ტრამპის ტარიფები სასამართლოში გასაჩივრებული ჰქონდა იურიდიულ ფირმა Liberty Justice Center-ს, რომელიც მცირე ბიზნესის წარმომადგენელი რამდენიმე კომპანიის ინტერესებს იცავს.
სამი მოსამართლის კოლეგიამ მიიჩნია, რომ სპეციალური ეკონომიკური უფლებამოსილებების კანონი, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა ტარიფების დაწესების საფუძვლად გამოიყენა, მას არ აძლევს გადასახადების თითქმის მთელი მსოფლიოსთვის დაწესების უფლებას, აშშ-ის კონსტიტუცია კი კონგრესს ანიჭებს სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის საკითხების გადაწყვეტის უფლებამოსილებას, რომელსაც ვერ გააუქმებს ეკონომიკის დასაცავად პრეზიდენტისთვის მინიჭებული უფლებამოსილება.
ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოში. თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ, კუშ დესაიმ განაცხადა, რომ არაარჩეულ მოსამართლეებს არ აქვთ უფლება გადაწყვიტონ, როგორი უნდა იყოს სწორი რეაგირება ქვეყანაში საგანგებო სიტუაციაზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ზოგიერთი ქვეყნიდან, მათ შორის ჩინეთიდან და ევროკავშირის სახელმწიფოებიდან იმპორტირებული ზოგიერთი პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დაწესება 2025 წლის თებერვლიდან დაიწყო, 2 აპრილს კი გამოაცხადა, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოს უწესებს სხვადასხვა მოცულობის ტარიფს(10%-დან 50%-მდე).
როგორც დონალდ ტრამპმა თქვა, აშშ-ს 50 წელიწადზე მეტხანს ძარცვავდნენ, ამიტომ ეს არის „გათავისუფლების დღე” და „ამერიკული ეკონომიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია”.
მოგვიანებით ტრამპმა, მაგალითად, ჩინეთს ტარიფები 145%-მდე გაუზარდა. ამასთან, მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაიწყო მოლაპარაკებები სატარიფო პოლიტიკის შესაცვლელად.
ტრამპის ტარიფებმა საფონდო ბირჟებზე აქციების გაუფასურება გამოიწვია და ინფლაციისა და უმუშევრობის გაზრდის საფრთხე შექმნა თავად აშშ-შიც.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის სავაჭრო პოლიტიკის წინააღმდეგ ამერიკულ სასამართლოებში არაერთი საჩივარია შეტანილი როგორც ბიზნესის წარმომადგენლების, ისე სხვადასხვა შტატის სახელით.
ფორუმი
