პარტია „ფედერალისტებმა“ იუსტიციის სახლში პარტიის დაფუძნებაზე განაცხადი მეორედ შეიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფედერალისტები“ ავრცელებს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, პირველი განაცხადი რეესტრმა აბსურდული ტექნიკური მიზეზებით დაახარვეზა.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ ანალოგიური წესდება დაარეგისტრირეს და დახარვეზების შემთხვევაში, ცხადი იქნება, რომ მოტივი პოლიტიკურია.
“უკვე მეორედ შევიტანეთ განაცხადი „ფედერალისტებმა“ პარტიის დაფუძნებაზე. პირველი სრულიად უშინაარსო და გაუგებარი მიზეზებით დაგვიხარვეზეს და ახლა ხერხი ვიხმარეთ, ავდექით, გადმოვწერეთ „ქართული ოცნების“ წესდება. ტექნიკურად ყველაფერი იგივეა, იდეოლოგიური სხვაობებია მხოლოდ და ვნახოთ, „ქართული ოცნების“ წესდებას დაახარვეზებს თუ არა ივანიშვილის იუსტიციის მინისტრი. ვადა აქვს ერთი თვე. ჩვენს მხარდამჭერებს და გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ არჩევნებში მონაწილეობას ყველა შემთხვევაში მივიღებთ, რაც არ უნდა ქნას ივანიშვილის რეჟიმმა, უბრალოდ ეს იქნება ტესტი, უკვე ღრმა რუსეთი ვართ, თუ არ ვართ”, – აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.
პარტია „ფედერალისტების“ რიგით მეორე სადამფუძნებლო ყრილობა 9 თებერვალს გაიმართა. მონაწილეობა 325-მა დელეგატმა მიიღო, დამტკიცდა პარტიის წესდება. ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩია. „ფედერალისტების“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ ჩერგოლეიშვილი გახდა. პოლიტსაბჭოს წევრებად კი, ყრილობამ 22 კანდიდატი აირჩია.
