სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა წარმოადგინა გეგმა „სომხური სამოციქულო ეკლესიის განახლების შესახებ“ მას შემდეგ, რაც უვადოდ არჩეული კათოლიკოსი, გარეგინ II თანამდებობიდან გადადგება.
ფაშინიანის გეგმა შედგება რამდენიმე ძირითადი პუნქტისა და ქვეპუნქტისგან – მათ შორის სომხური სამოციქულო ეკლესიის ქცევის კოდექსის მიღება და ყველა სომეხის კათოლიკოსის არჩევნები ახალი კანონის მიხედვით,“ – დაწერა ფაშინიანმა საკუთარ Telegram-არხზე.
ფაშინიანის განცხადებით, ქცევის კოდექსი უნდა მოიცავდეს სასულიერო პირთა კეთილსინდისიერი ქცევის წესებს, სომხური სამოციქულო ეკლესიის ფინანსურ გამჭვირვალობას, ეკლესიის აპოლიტიკურობის აუცილებლობას, მისი საქმიანობის შესაბამისობას საგადასახადო კანონმდებლობასთან, სასულიერო პირების სოციალურ გარანტიებს, მათ შესაძლებლობას სრულად ისარგებლონ დანაზოგების საპენსიო სისტემით, სოციალური სესხებითა და საყოველთაო სამედიცინო დაზღვევით. აქვე ის წერს, რომ ამჟამად სასულიერო პირები ძირითადად ვერ სარგებლობენ ამ შესაძლებლობებით, რადგან არ არსებობს შრომის ანაზღაურების ფიქსირებული სისტემა.
მანამდე პრემიერ-მინისტრმა ეკლესიას შესთავაზა, რომ სომხეთის სახელმწიფო დროშა განთავსებულიყო სომხური ეკლესიების ტერიტორიაზე და კვირის ღვთისმსახურებამდე შესრულებულიყო სომხეთის ჰიმნი.
ფაშინიანსა და სომხეთის საეკლესიო იერარქიას შორის ურთიერთობები დაიძაბა 2020 წლის შემდეგ, როდესაც ეჩმიაძინში პრემიერის გადადგომა მოითხოვეს და გააკრიტიკეს მისი პოლიტიკა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის მიმართ. ბოლო თვეებში ფაშინიანი ღიად ატარებს გარეგინ II-ის გადაყენების კამპანიას სომხური სამოციქულო ეკლესიის ხელმძღვანელის პოსტიდან, რომელიც, საეკლესიო წესდების თანახმად, უვადოა.




