სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა შტამპზე არარატის მთის გამოსახულების ამოღების გადაწყვეტილებაზე.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ ეს საკითხი სომხეთსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებათა არცერთ ფორმატში განხილული არ ყოფილა.
„შტაპმის საკითხი რამდენიმე თვის წინ წამოჭრეს სიტუაციაში, როცა არ არსებობდა არც თეორიული შესაძლებლობა და არც შეთანხმება თურქეთის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, ასეთი საკითხი განხილული არ ყოფილა და სომხეთსა და თურქეთს შორის არც განხილვადია“, – თქვა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, შტამპზე არარატის მთის გამოსახულება არც 2004 წლამდე არსებობდა, რაც იმას ადასტურებს, რომ პოლიტიკური კონტექსტი ამ საკითხში არ არსებობს.
სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი ნოემბრიდან არარატის მთის გამოსახულება ამოღებული იქნება სასაზღვრო ნიშნიდან (შტამპი) სომხეთის რესპუბლიკაში შესვლისა და გასვლისას. გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა ოპოზიციის კრიტიკა სომხეთის ხელისუფლებისადმი, რომელიც უკანასკნელ დროს თურქეთთან ურთიერთობების დალაგებას ცდილობს. არარატის მთა, რომელსაც სომხეთისთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.
სომხეთის შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი არსენ ტოროსიანი გამოეხმაურა მღელვარებას ოპოზიციის წრეებში და განაცხადა, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, საერთოდ არანაირი სიმბოლო არ იქნება დატანილი ახალ შტამპზე.“ახალ შტამპებზე, საზღვრის გადაკვეთის შესახებ ინფორმაციის გარდა, არანაირი სხვა მონაცემი ან გამოსახულება არ იქნება, მათ შორის არარატის მთაც – ისე, როგორც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნების შტამპებზე. გარდა ამისა, შემცირდა შტამპის ზომა, რათა პასპორტებმა უფრო დიდხანს გაძლოს იმ ადამიანებისთვის, ვინც ხშირად მოგზაურობს. გადაწყვეტილების საფუძვლები ძალიან მარტივია – შტამპები შესაბამისობაში მოყვანილია საზღვრის გადაკვეთის თანამედროვე მოთხოვნებთან, ასევე „რეალური სომხეთის“ იდეოლოგიასთან”,- წერს ტორისიანი.




