დღეს, 11 აგვისტოს, – სამი დღის შემდეგ ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მედიაციით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დადებული შეთანხმებიდან, ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი კობახიძემ ტელეფონით ისაუბრეს.
სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ცნობის თანახმად, ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს გააცნო 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები, კერძოდ:
· „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შესახებ შეთანხმების ინიციირება“,
· ინიციირება ეუთოსთვის ერთობლივი მიმართვისა ეუთოს მინსკის ჯგუფის მექანიზმების დაშლის შესახებ,
· ინიციირება რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვისა – ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პრინციპების დაცვითა და ორმხრივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე,
· ასევე, „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“.
სომხეთის მთავრობის ცნობით, ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძეს ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებების საჯარო მხარდაჭერისათვის.
ამავე წყაროს თანახმად, „თანამოსაუბრეებმა გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების დღის წესრიგის შესახებ“.
„მათ გაიზიარეს მოსაზრება, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის“, – წერს სომხეთის მთავრობა.
მანამდე, 9 აგვისტოს, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ზე მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს, ასევე, მთელ მსოფლიოს მიულოცა „ისტორიული შეთანხმება“.
„საქართველო მიესალმება ამ მნიშვნელოვან მომენტს სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისათვის და მთელი მსოფლიოსთვის. ვულოცავ დონალდ ტრამპს, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს ამ წარმატებას, მნიშვნელოვანი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასა და რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ერის დაწყებას. საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა რეგიონულ მშვიდობასა და თანამშრომლობას და გააგრძელებს მის ურყევ მხარდაჭერას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საგარეო უწყებაც მიესალმა „აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით“ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის შეთანხმებას.
ირაკლი კობახიძე მეშვიდე ლიდერია, რომელსაც ნიკოლ ფაშინიანი დღეს, 11 აგვისტოს ესაუბრა. ის დღეს ტელეფონით ესაუბრა:
· რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს
· ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს
· თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოანს
· საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონს
· ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს
· იორდანიის მეფეს აბდულა II-ს.
ძირითადი სასაუბრო თემა თეთრ სახლში აზერბაიჯანთან დადებული შეთანხმება იყო „ტრამპის მარშრუტზე“.
„ტრამპის მარშრუტი“
შეერთებული შტატების, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა რვა აგვისტოს ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით.
„დიდი ხანი, 35 წლის განმავლობაში ომობდნენ, ახლა კი მეგობრები არიან. და მეგობრები იქნებიან დიდი ხნის განმავლობაში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიალზე.
მან მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს. ასევე თქვა, რომ ევროკავშირმა, რუსეთმა და „მძინარე ჯო ბაიდენმა“ არაერთხელ სცადეს მშვიდობის მიღწევა, თუმცა უშედეგოდ.
„ისინი პირობას დებენ, რომ სამუდამოდ შეწყვეტენ ბრძოლას, გახსნიან ვაჭრობას, მოგზაურობას და [დაამყარებენ] დიპლომატიურ ურთიერთობებს და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“.
ტრამპმა მათ უწოდა „ორი ძალიან განსაკუთრებული ადამიანი“ და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მათ საკმაოდ კარგი პერსონალური ურთიერთობები აქვთ ერთმანეთთან.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთი შეთანხმების დასახელება, – „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ – მისი ინიციატივა არ ყოფილა და მხარეებმა შესთავაზეს, რისთვისაც მადლიერება გამოთქვა.
„თქვენ ისტორიაში შეხვალთ“, – ასე მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს.
ფორუმი
