ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას დატოვებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას დატოვებს.
„დავტოვებთ, გადავწყვეტთ როდის“, – განაცხადა ფაშინიანმა პარლამენტში „სამთავრობო საათის“ დროს, ოპოზიციონერი დეპუტატის შენიშვნაზე პასუხისას, თუ რატომ არ ტოვებს ორგანიზაციას სომხეთი, როცა მის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს.
მისივე თქმით, სომხეთი ორგანიზაციას დატოვებს და გაერთიანებაში უკან აღარ დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ სომხეთმა დააჩქარა დასავლეთის ქვეყნებთან დაახლოება 2023 წელს მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადანაშაულა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ) მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს უმოქმედობაში, რამაც გამოიწვია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთელი ტერიტორიის ბაქოს კონტროლში გადასვლა.
სომხეთმა უარი თქვა 2023 წლის ნოემბერში გამართულ ОДКБ-ს სამიტში მონაწილეობაზე, მოგვიანებით კი ორგანიზაციისთვის წევრობის გადასახადის გადახდა შეწყვიტა. ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთს აღარ შეუძლია სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარება და თავდაცვის კავშირების გაზრდა მხოლოდ რუსეთთან, როგორც ეს ადრე იყო. „უნდა გავიგოთ ვისთან უნდა განვავითაროთ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა. წარსულში ასეთი კითხვა არ არსებობდა, ისევე როგორც არ იყო სირთულეები კონცეფციასთან დაკავშირებით. ადრე სომხეთის თავდაცვითი ურთიერთობები 97%-ით რუსეთთან იყო დაკავშირებული. ახლა ეს შეუძლებელია ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო“, – განაცხადა მან.
მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ყოველთვის იყო აზერბაიჯანის შემადგენლობაში და ამიტომ გამოირიცხა კონფლიქტში ძალისმიერი ჩარევა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთის ურთიერთობა NATO-ს ქვეყნებთან რუსეთის ხელისუფლების შეშფოთებას იწვევს. ამავე დროს, მან იმედი გამოთქვა, რომ „ერევანმა იცის, რომ ალიანსთან ურთიერთქმედების გაღრმავება იწვევს სუვერენიტეტის დაკარგვას ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში“.

ასევე დაგაინტერესებთ