სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის შეიარაღებული ძალების შექმნის 34-ე წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ მისალოც მიმართვაში განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა უკვე დამყარებულია და ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მყარი გარანტია სწორედ მშვიდობაა.
2025 წლის 8 აგვისტოს თეთრ სახლში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.
როგორც „არმენპრესი“ წერს, ფაშინიანმა მიმართვაში აღნიშნა, რომ სომხეთის არმიამ რთული ჩამოყალიბების გზა გაიარა, თუმცა დღეს ეს არის არმია, რომელიც იცვლება და რომლის თავდაცვითი შესაძლებლობები ყოველდღიურად იზრდება.
მისი თქმით, ბოლო წლებში სომხეთმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა შეიარაღებულ ძალებში და გაატარა მასშტაბური რეფორმები, მათ შორის, ნებაყოფლობითი ატესტაციის პროგრამა, რომელმაც სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასები პროფესიული კვალიფიკაციის მიხედვით მნიშვნელოვნად გაზარდა. ფაშინიანის განცხადებითვე, დღეს ათიათასობით სამხედრო ბევრად მაღალ ანაზღაურებას იღებს, ვიდრე პროგრამის ამოქმედებამდე.
აქვე ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში შეძენილია დიდი რაოდენობით თანამედროვე შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა, ისეთი ხარისხისა და პარამეტრების, რაც სომხეთის არმიას მანამდე არასდროს ჰქონია.
ამასთან, მან განმარტა, რომ 2018–2022 წლებში იარაღის შესყიდვა გართულებული იყო, რადგან საერთაშორისო პარტნიორები უარს აცხადებდნენ მიწოდებაზე – ერთი მხრივ, მისი საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების მიღმა გამოყენების შიშით, ხოლო მეორე მხრივ – კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) სომხეთის წევრობის გამო.
სომხეთის პრემიერის განცხადებით, 2022 წლის სექტემბრამდე ОДКБ-ის პარტნიორები სომხეთის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ვალდებულებებსაც არ ასრულებდნენ და უარს ამბობდნენ უკვე გადახდილი იარაღის მიწოდებაზე, რაც ქვეყნისთვის „ეგზისტენციალურ საფრთხეს“ ქმნიდა.
ფაშინიანის თქმით, ეს საფრთხე დაძლეული იყო ორი გადამწყვეტი ნაბიჯის შედეგად: 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმებით, რომლის მიხედვითაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე აღიარეს, და სომხეთის წევრობის „გაყინვით“ ОДКБ-ში.
ფაშინიანის განცხადებითვე, სომხეთის არმიას არ აქვს და არ ექნება სხვა ამოცანა, გარდა 29 743 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე საერთაშორისო დონეზე აღიარებული ტერიტორიის დაცვისა და საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისა.
ამასთან, ფაშინიანმა განსაკუთრებული აქცენტი მშვიდობაზე გააკეთა:
„ჩვენ ომისთვის არ ვემზადებით, რადგან ომი არ იქნება. სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობა დამყარებულია და უსაფრთხოების ყველაზე საიმედო გარანტია სწორედ მშვიდობაა.”
მისივე თქმით, არმიის განვითარება გაგრძელდება, რადგან ძლიერი და თავდაცვითუნარიანი არმია აუცილებელია მომავალში შესაძლო საფრთხეებთან გასამკლავებლად იმ შემთხვევებში, როდესაც დიპლომატია უძლური აღმოჩნდება.
მიმართვა პრემიერ-მინისტრმა სიტყვებით დაასრულა: „დიდება დაცემულ გმირებს და გაუმარჯოს სომხეთის რესპუბლიკას!“




