ფაშინიანი: სანამ ლუკაშენკო ხელისუფლებაში იქნება, ბელარუსში არ ჩავალ

სომხეთის პრემიერმინისტრის, ს თქმით, სანამ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ხელისუფლებაში იქნება, ის და სხვა სომეხი ოფიციალური პირები ბელარუსში აღარ ჩავლენ. ამის შესახებ მან სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა.
ფაშინიანის თქმით, როდესაც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნის [ბელარუსი] ლიდერი აცხადებს, რომ ყარაბაღში ომს ხელს უწყობდა და აზერბაიჯანის გამარჯვება სურდა, მასთან განსახილველიც აღარაფერია.
“ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ იგი მონაწილეობდა ომის მომზადებაში, წაახალისა, სჯეროდა და აზერბაიჯანს გამარჯვება უსურვა. ამის მერე წავალ ბელარუსის ხელმძღვანელთან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას ფორმატში რამის განსახილველად? ვაცხადებ, რომ ამიერიდან ბელარუსში აღარ წავალ, სანამ ამ ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოა. და საერთოდ, ვაცხადებ, რომ ამიერიდან სომხეთის არცერთი ოფიციალური წარმომადგენელი ბელარუსში არ წავა”. – თქვა ფაშინიანმა.
ამასთან, სომხეთმა ბელარუსიდან კონსულტაციებისთვის გამოიძახა ელჩი, რაზმიკ ხუმარიანი.
ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მაისში, აზერბაიჯანში სტუმრობის დროს აღნიშნა, რომ მან იცოდა ყარაბაღში პრეზიდენტ ალიევის გეგმების შესახებ და სიტუაციის სამხედრო გზით მოგვარების გადაწყვეტილებას ემხრობოდა.
“გამახსენდა ჩვენი საუბარი თქვენი ომის, თქვენი გამათავისუფლებელი ომის წინ, როცა ორნი სადილზე ფილოსოფიურად ვმსჯელობდით. მაშინ მივედით დასკვნამდე, რომ ომში გამარჯვება შეიძლება”. – მიმართა ლუკაშენკომ ალიევს.