სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სთავაზობს საკოორდინაციო საბჭოს შექმნას, რომელიც დაკავდება ახალი კათოლიკოსის არჩევნების ორგანიზებით. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, პრემიერ-მინისტრმა თავის წინადადებაზე განცხადება ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტით გააკეთა.
„ძვირფასო სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის მორწმუნენო, როგორც ერთ-ერთი თქვენგანი, მოგმართავთ თქვენ: საჭიროა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები წმინდა ეჩმიაძინის პატრიარქატის გათავისუფლებისა და ახალი კათოლიკოსის არჩევნების ორგანიზების მიმართულებით”.
ფაშინიანის თქმით, ამ ეტაპზე საჭიროა საკოორდინაციო ჯგუფის შექმნა, რომელიც დღის წესრიგის ორგანიზაციულ საკითხებს განიხილავს. საკოორდინაციო ჯგუფის წევრებად კი სთავაზობს შესვლას სომხური სამოციქულო ეკლესიის იმ მიმდევრებს, რომელთაც “მთელი გულით სწამთ ჩვენი ცოცხალი უფლის იესო ქრისტესი”; “ბიბლია თავიდან ბოლომდე მაინც ერთხელ მაინც აქვთ წაკითხული”; “ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ მაინც დამარხვიან დიდ მარხვას”; “ყოველდღიურად ლოცულობენ”; “მიიჩნევენ, რომ წმინდა ეჩმიაძინის განახლების დღის წესრიგი გამომდინარეობს სომხური სამოციქულო ეკლესიის, ჩვენი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან და ეხმიანება ჩვენი წინაპრების წმინდა ტრადიციებს” .
საკოორდინაციო ჯგუფის წევრები, როგორც ფაშინიანი ამბობს, შეიძლება იყვნენ როგორც ქალები, ისე მამაკაცები, როგორც სამოქალაქო პირები, ისე სასულიერო პირებიც. ბერ-მონაზვნური სასულიერო პირების შემთხვევაში კი, მისი თქმით, აუცილებელია, რომ მათ არ ჰქონდეთ ცელიბატის აღთქმის დარღვევა.
“მესმის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების უმრავლესობის ობიექტურად შემოწმება რთულია, მაგრამ ღვთის შეწევნით, ეს ყველაფერი შეიძლება გამოჩნდეს საუბრებში, შეგრძნებებში, „სულის თვალით დანახვაში“. თუ თავს ამ კრიტერიუმების შესაბამისად მიიჩნევთ, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი ელექტრონულ მისამართზე [email protected], წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: საკოორდინაციო ჯგუფი”.
მანამდე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ბრალდება წაუყენა სომხეთის კათოლიკოსს, გარეგინ II-ს და მაღალი რანგის სასულიერო პირთა ჯგუფს ცელიბატის აღთქმის დარღვევაში. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ თუ დადასტურდება, რომ გარეგინ II-მ მართლაც დაარღვია ცელიბატი და ჰყავს შვილი, ის ვერ შეძლებს ყველა სომეხის კათოლიკოსად დარჩენას.
სასულიერო პირები, თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიის გაჩაღებაში ადანაშაულებენ.
