სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 12 ივნისს დაიცვა პოლიციის მხრიდან ერევანში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გატარებული ქმედებები. დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებების ფონზე, თავად ფაშინიანი პარლამენტის შენობაში ატარებდა დეპუტატებთან შეხვედრას, რომელზეც მიანიშნა, რომ სომხეთი სრულად დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO/ОДКБ), ანუ რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათისთვის დააკავეს 70 მოქალაქე, და რომ ერევნის ცენტრში შეხლა-შემოხლის შედეგად არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეებს, ისე პოლიციელებს შორის.
“არის ხალხი, ვისაც სამედიცინო დახმარება დასჭირდა” – უთხრა ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს, მათი რიცხვის დაკონკრეტების გარეშე.
პოლიციამ “მართებულად გამოიყენა” აკუსტიკური იარაღი, მას მერე, რაც დემონსტრანტების ლიდერმა, არქიეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა “ხალხს პოლიციაზე თავდასხმის დავალება მისცა” – აცხადებს პარლამენტის სპიკერი, ალენ სიმონიანი.
ფაშინიანი ამბობს, რომ პოლიცია მკაცრად კანონის ფარგლებში მოქმედებდა.