სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, იგი დღეს, 11 აგვისტოს ტელეფონით ესაუბრა ექვსი ქვეყნის ლიდერს – ძირითადი სასაუბრო თემა თეთრ სახლში აზერბაიჯანთან დადებული შეთანხმება იყო „ტრამპის მარშრუტზე“.
11 აგვისტოს, შეთანხმების დადებიდან სამი დღის შემდეგ გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, ფაშინიანი ესაუბრა:
· რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს
· ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს
· თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოანს
· საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონს
· ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს
· იორდანიის მეფეს აბდულა II-ს.
საუბარი პუტინთან
ფაშინიანის კაბინეტის გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, მან რუსეთის პრეზიდენტს წარუდგინა 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები, კერძოდ:
· „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შესახებ შეთანხმების“ ინიციირება
· ეუთოსთვის ერთობლივი მიმართვა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მექანიზმების დაშლის შესახებ,
· რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პრინციპების ფარგლებში, ორმხრივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე,
· პროექტი „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.
კრემლის ცნობით კი, ვლადიმერ პუტინმა, თავის მხრივ, ფაშინიანს გააცნო სიახლეები აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან უკრაინის ომთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე.
საუბარი ფეზეშქიანთან
ფაშინიანის კაბინეტის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტსაც ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები წარუდგინა და „ხაზი გაუსვა იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობა რეგიონისთვის ხსნის“.
„პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონული საკომუნიკაციო არხები იმუშავებს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პრინციპების ფარგლებში და ორმხრივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე“, – წერია ცნობაში.
ამასთან, ფაშინიანმა „მადლობა გადაუხადა ირანის პრეზიდენტს ვაშინგტონის შეთანხმებების ობიექტური შეფასებისთვის“.
ფეზეშქიანი უახლოეს მომავალში სომხეთს ეწვევა. ფაშინიანმა „ხაზი გაუსვა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის სომხეთის რესპუბლიკაში დაგეგმილი ვიზიტის მნიშვნელობას“.
ირანული მედიის ცნობით, თავის მხრივ, პრეზიდენტმა ფეზეშქიანმა ამავე საუბრისას „ხაზი გაუსვა სომხეთის სუვერენიტეტის შენარჩუნების საჭიროებას“.
მან ასევე „ხაზი გაუსვა ერევან-ბაქოს სატრანზიტო დერეფნის განხორციელებაში ნებისმიერი სამხედრო ან უსაფრთხოების ძალის ჩაურევლობის მნიშვნელობას“.
ასევე, ფეზეშქიანმა ფაშინიანი „გააფრთხილა ამერიკული მხარის შესაძლო ქმედებების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა ეკონომიკური ინვესტიციებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის სურვილის საფარქვეშ კავკასიის რეგიონში ჰეგემონიური მიზნები განახორციელონ“.
„უზრუნველყოფილ უნდა იქნას, რომ ეს გზა ნამდვილად მშვიდობისა და განვითარების გზა იქნება და არა უცხოელების ჰეგემონიური მიზნების მიღწევის ინსტრუმენტი“, – დასძინა მან.
საუბარი ერდოანთან
თურქეთის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერის სატელეფონო საუბარიც ძირითადად სწორედ ვაშინგტონში მიღწეულ შეთანხმებას ეხებოდა.
ფაშინიანმა, მისი კაბინეტის თანახმად, აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მშვიდობის დამყარება ქმნის შესაძლებლობას, რომ ახალ ხარისხში ავიდეს რეგიონული თანამშრომლობა.
ასევე, განიხილეს „სომხეთ-თურქეთის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი, კერძოდ კი აქამდე დადებული შეთანხმებების იმპლემენტაცია“.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ „ამ შეთანხმებების დანერგვისათვის ატმოსფერო ასეთი შესაფერისი არასოდეს ყოფილა“.
„მოსაუბრეები შეთანხმდნენ აქტიური პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებაზე“, – წერია პრესრელიზში.
ერდოანის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა ფაშინიანს მიულოცა ბაქოსთან შეთანხმების მიღწევა ვაშინგტონში და თქვა, რომ ეს აჩვენებს რეგიონში სტაბილურობის დამყარების სურვილს, – და განაცხადა, რომ ეს შეთანხმება კონკრეტულ ქმედებებში უნდა გადაიზარდოს.
„პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის ნორმალიზაციის პროცესის წინსვლის მიზნით ტექნიკური მოლაპარაკებები გაგრძელდება და ამ მიმართულებით ძალისხმევა გაგრძელდება“, – წერია თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის გავრცელებულ ცნობაში.
საუბარი მაკრონთან
ვაშინგტონის შეთანხმებას ეხებოდა ემანუელ მაკრონთან ზარიც.
მაკრონმა ამ საუბარში „კვლავ დაადასტურა საფრანგეთის მხარდაჭერა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“.
ისიც მიესალმა ვაშინგტონში მიღწეულ შეთანხმებას. ამასთან, გამოთქვა იმედი, რომ ეს შეთანხმება „სწრაფად მიგვიყვანს [უშუალოდ] ამშვიდობო ხელშეკრულების დადებამდე და რატიფიცირებამდე ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით“.
„პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დამყარებული მშვიდობა სომხეთსა და რეგიონში ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ქმნის“, – ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ტრამპის მარშრუტი“
შეერთებული შტატების, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა რვა აგვისტოს ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით.
„დიდი ხანი, 35 წლის განმავლობაში ომობდნენ, ახლა კი მეგობრები არიან. და მეგობრები იქნებიან დიდი ხნის განმავლობაში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიალზე.
მან მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს. ასევე თქვა, რომ ევროკავშირმა, რუსეთმა და „მძინარე ჯო ბაიდენმა“ არაერთხელ სცადეს მშვიდობის მიღწევა, თუმცა უშედეგოდ.
„ისინი პირობას დებენ, რომ სამუდამოდ შეწყვეტენ ბრძოლას, გახსნიან ვაჭრობას, მოგზაურობას და [დაამყარებენ] დიპლომატიურ ურთიერთობებს და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“.
ტრამპმა მათ უწოდა „ორი ძალიან განსაკუთრებული ადამიანი“ და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მათ საკმაოდ კარგი პერსონალური ურთიერთობები აქვთ ერთმანეთთან.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთი შეთანხმების დასახელება, – „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ – მისი ინიციატივა არ ყოფილა და მხარეებმა შესთავაზეს, რისთვისაც მადლიერება გამოთქვა.
„თქვენ ისტორიაში შეხვალთ“, – ასე მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს.
ფორუმი