სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს ახალი საკათალიკოსო არჩევნების ორგანიზებისთვის. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ინიციატივის შესახებ თავის ფეისბუკის გვერდზე დაწერა.
ფაშინიანის თანახმად, საკოორდინაციო ჯგუფის წევრები შეიძლება გახდნენ სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ის მიმდევრები, რომლებსაც:
“გულით სწამთ მაცხოვარი იესო ქრისტე. წაუკითხავთ ბიბლია თავიდან ბოლომდე ერთხელ მაინც, დაუცავთ დიდი მარხვა უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც, ლოცულობენ ყოველდღე. მიიჩნევენ, რომ წმინდა ეჯმიაწინის საკათედრო ტაძრის განახლების დღის წესრიგი გამომდინარეობს სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის, ჩვენი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან და შეესაბამება ჩვენი წინაპრების წმინდა ტრადიციას”.
ფაშინიანის თანახმად, საკოორდინაციო ჯგუფის წევრები შეიძლება იყვნენ კაცებიცა და ქალებიც, საერო და სასულიერო პირები. მონაზვნური ცხოვრების შემთხვევაში, სავალდებულოა, მათ არ დაარღვიონ უბიწოების აღთქმა.
ამავე ფეიბუკპოსტში ფაშინიანი იღებს პასუხისმგებლობას, შეარჩიოს საკოორდინაციო საბჭოს პირველი ათეული, გასაუბრებისა და ჩამოთვლილი კრიტერიუმების მიხედვით. “მომავალში ჯგუფი თავად მიიღებს გაფართოების, სტრუქტურისა და სხვა საკითხების შესახებ გადაწყვეტილებას”, – წერს ის.
სომხეთის პრემიერი მიმართავს საბჭოს წევრობის მსურველებს, თუ შეესაბამებიან ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, მისწერონ ელექტრონულ ფოსტაზე წერილი.
მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ II და მაღალი რანგის სასულიერო პირების ჯგუფი უბიწოების აღთქმის დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ თუ აღმოჩნდება, რომ გარეგინ II-მ მართლაც დაარღვია აღთქმა და ჰყავს შვილი, ის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი ვერ იქნება. სასულიერო პირები, თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრს ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიის გაჩაღებაში ადანაშაულებენ.
ფორუმი
