ფაშინიანის თქმით, სომხეთის წინააღმდეგ ომის მომზადებაში ОДКБ-ს სულ მცირე ორი ქვეყანა მონაწილეობდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ОДКБ-ს მინიმუმ ორი წევრი ქვეყანა მონაწილეობდა სომხეთის წინააღმდეგ 44-დღიანი ომის მომზადების პროცესში.
“არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში სამთავრობო საათზე განაცხადა, სადაც შეეხო ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს პროაზერბაიჯანულ განცხადებას, რომელიც მან შუშაში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას გააკეთა.
„ვიცი ОДКБ-ს წევრი მინიმუმ ორი ქვეყანა, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩვენს წინააღმდეგ ომის მომზადებაში. ამ ქვეყნებმა, ბუნებრივია, შექმნეს იმიტაცია, რომ უნდოდათ ჩვენი დახმარება, ან თითქოს უკვე გვეხმარებოდნენ. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ომი მთიანი ყარაბაღის გამო კი არ დაწყებულა, რადგან საგამოძიებო კომისიაში ვაჩვენე, რომ მათ დიდი ხანია დახურეს მთიანი ყარაბაღის საკითხი თავისთვის. ამ ომის მიზანი იყო სომხეთის რესპუბლიკის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის შეწყვეტა” – აღნიშნა ფაშინიანმა და სიხარული გამოხატა, რომ მან მიაღწია ბელარუსის პრეზიდენტისგან ამის საჯაროდ აღიარებას.
“ეს მცდელობები გაგრძელდება: ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებმაც ამაზე საჯაროდ უნდა ისაუბრონ” – დასძინა სომხეთის პრემიერმა.
ფაშინიანის თქმით, სომხეთის სახელმწიფოებრიობაზე თავდასხმის მცდელობები წარუმატებლად დასრულდა 2020 წლის 9 ნოემბრის შემდეგ, ისევე როგორც 2021 წლის მაისში, როდესაც დაიშალა ეროვნული ასამბლეა და მთავრობა. მისი განცხადებით, მსგავსი მცდელობები ჩაიშალა 2022 წლის სექტემბერსა და 2023 წლის სექტემბერშიც.
“სცადეს 2024 წლის 9 მაისს, ისევ არ გამოუვიდათ და არც გამოვა, მათ შორის დელიმიტაციის პროცესის გამო, რომელიც მათი კრიტიკის საგანი გახდა. დელიმიტაციის პროცესით ჩვენ ბევრს წავართვით სასაზღვრო შეტაკებების წაქეზების შესაძლებლობა 2024 წლის 9 მაისის მოვლენების პარალელურად ” – განაცხადა სომხეთის პრემიერმა და გაიხსენა 2022 წელს ეროვნული ასამბლეის ტრიბუნიდან გამოთქმული საკუთარი აზრი, რომ თუ შესაძლებელი იქნება სომხეთის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება მომდევნო 1-2 წელიწადის მანძილზე, მაშინ მისი არსებობა გარანტირებული იქნება მომდევნო 50-100 წლის განმავლობაში.
“რაც შეეხება დელიმიტაციის პროცესს, ჩემი ნათქვამი შესაძლოა გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს პრობლემა 60%-ით მოვაგვარეთ. ეს ხმაური მიზნად ისახავს ადამიანებში, მოქალაქეებში ცნობიერების დამკვიდრებას, რომ დღეს კირანცში, ვოსკეპარში, ბერქაბერში ვაწყობთ ჩვენი სახელმწიფოს ქვაკუთხედს, რომელზეც აშენდება სახელმწიფო, უსაფრთხოება, თავისუფლება, ბედნიერება” – ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა.
16 მაისს, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელიც ОДКБ-ს წევრია, განაცხადა:
“მეც ვიფიქრე, გამახსენდა ჩვენი საუბარი ომამდე, თქვენს განმათავისუფლებელ ომამდე, როდესაც ერთად ფილოსოფიურად განვიხილავდით საკითხს სადილზე. მაშინ მივედით დასკვნამდე, რომ ომის მოგება შეიძლებოდა. ეს არის მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამარჯვების შენარჩუნება. მაგრამ, ჩვენ შევთანხმდით, თქვენ მაშინ წამოწიეთ ეს საკითხი, რომ ომის შემდეგ ყველაზე რთული დრო დაიწყება, როცა საჭირო იქნება იმ მიწების აღორძინება, რომელიც გაათავისუფლეთ, აღორძინების დაწყება. და ახლა ის რთული დრო დადგა, როცა ამ მიწების აღორძინებაა საჭირო, ხალხის დაბრუნებაა საჭირო და ზოგი უკვე ქალაქში დაიბადა კიდეც. პრობლემები, ალბათ, იქნება. მოვიგეთ, გამარჯვება შევინარჩუნეთ. ახლა ჩვენ უნდა ავაღორძინოთ იგი. საჭიროა დრო, ბევრი შრომა, ძნელია ყველაფრის მიღწევა ხუთ ან შესაძლოა, ათი წლის განმავლობაში”.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”