სომხურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნავთობპროდუქტების საქართველოს გავლით ტრანსპორტირებასთან, უფრო ზუსტად კი ტარიფებთან დაკავშირებით, პრობლემა არსებობს.
დღეს, 18 დეკემბერს აზერბაიჯანიდან სარკინიგზო გზით სომხეთის მიმართულებით საქართველოს გავლით, გაიგზავნა AI-95 მარკის ბენზინით დატვირთული 22 ცისტერნა, SOCAR-ის მიერ წარმოებული 1210 ტონა ბენზინი.
„Euronews“-ის ცნობით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს არის პირველი მსგავსი საწვავის ექსპორტი და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯად მიიჩნევა.
საწვავის ექსპორტის შესახებ შეთანხმება 28 ნოემბერს გაბალაში აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების მოადგილეებს შორის იყოს მიღწეული.
ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამ თანამშრომლობის გაგრძელება შესაძლებელია, ამის შესახებ მოლაპარაკება არსებობს და ინფორმირებულები იქნებიან ორივე მხარის ბიზნესკომპანიები. თუმცა არსებობს პრობლემები, რაც „საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის ტარიფებს უკავშირდება“ და ფაშინიანი იმედს გამოთქვამს, რომ ეს პრობლემები მოგვარდება.
„თუ ეს საკითხები არ გადაიჭრა, იმედი მაქვს, რომ ბიზნესმენები, თუ ეს გარიგებები მათთვის საინტერესო აღმოჩნდება, ალტერნატიულ გზებს მოძებნიან, რომ იმპორტ-ექსპორტის უზრუნველყოფა შეძლონ“, — ამბობს ფაშინიანი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შესაბამის უწყებებს დაავალა, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით განხორციელებული პირველი საწვავის ტრანზიტისთვის გადასახადი არ დაეკისროთ, თუმცა უცნობია, როგორ და რა პირობებით გაგრძელდება ტრანზიტი შემდგომ, ვინაიდან ბაქო თბილისზე გაბრაზებულია ტრანზიტის მაღალი ფასის გამო და ალტერნატიულ გზებზეც საუბრობს.
რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის სახელისუფლებო მედიამ საქართველოს ხელისუფლება ამჯერად მშვიდობის წინააღმდეგ პოლიტიკაში დაადანაშაულა და “კონფლიქტის დეტალები გაასაჯაროვა”. აზერბაიჯანული მედიის განცხადებით, აზერბაიჯანი გაკვირვებულია და გაბრაზებულია ქართულ მხარეზე იმის გამო, რომ თბილისმა აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში ტრანზიტის არარეალურად მაღალი ფასი დააწესა. ვრცელ სტატიაში აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო მედია ქართული მხარეს მეზობლებს შორის მშვიდობის დამყარების ხელის შეშლაშიც ადანაშაულებს.
ბაქოს არაოფიციალური პოზიცია „თბილისის ტარიფულ დემარშზე“, რომელსაც აზერბაიჯანის პროსამთავრობო მედია ავრცელებს, წაიკითხეთ აქ:
“თბილისის დემარშის პასუხად, ბაქო სომხეთამდე რკინიგზის აღდგენას განიხილავს” – Minval




