სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთეს.
“სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩაშალეს „კრიმინალური ოლიგარქიული სასულიერო პირების“ მასშტაბური და ბოროტი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა სომხეთის რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზაციას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
დილიდან უსაფრთხოების ძალები ჩხრეკენ მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ წევრებისა და მხარდამჭერების სახლებს – მოძრაობას არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ხელმძღვანელობს.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი პრესრელიზში წერს, რომ მოძრაობამ „რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შეძლო“ „ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად დასახული მიზნის მიღწევა დაშვებული გზით და „მიზნად დაისახა“ მისი მიღწევა „კონსტიტუციით დაუშვებელი” მეთოდებით.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, გამომძიებლების თქმით, არქიეპისკოპოსმა გალსტანიანმა „ჯგუფისთვის შეიძინა ტერორისტული თავდასხმების ჩასატარებლად და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად საჭირო საშუალებები და ინსტრუმენტები, ასევე განზრახ შექმნა სხვა პირობები, რითაც ემზადებოდა ძალაუფლების უზურპაციისთვის“.
გუშინ სომხური გამოცემა Civic-ი ირწმუნებოდა, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ “გადატრიალების გეგმა”, რომელსაც თითქოს ოპოზიცია ამზადებდა სომხეთის მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ირწმუნებოდნენ, რომ “ოპოზიციიდან სანდო წყაროს” მიერ მიწოდებულ დოკუმენტში გაწერილია მოქმედებების ეტაპობრივი გეგმა, მონაწილეთა სია, შეთქმულების მონაწილეთა განკარგულებაში არსებული რესურსების ჩამონათვალი. პუბლიკაციის ბმული ნიკოლ ფაშინიანის Facebook გვერდზეცაა გამოქვეყნებული.
BBC წერს, რომ პრემიერ-მინისტრსა და სომხური ეკლესიის მეთაურს შორის კონფლიქტი თვეების განმავლობაში მიმდინარეობს. ეკლესიის მხარდამჭერი მილიარდერი სამუელ კარაპეტიანი ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდებების მუხლით დააკავეს.
მოძრაობის “წმინდა ბრძოლის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები დღეს „ოპერაციას ატარებენ არქიეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის რეზიდენციაშიც“.
